ახალი ამბები

“მინდა დავამშვიდო მიშა, მის მიერ აშენებული შენობები არ ჩაიძირება” — გოცირიძე ჰესზე

24 მაისი, 2021 • 3812
“მინდა დავამშვიდო მიშა, მის მიერ აშენებული შენობები არ ჩაიძირება” — გოცირიძე ჰესზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ეხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ჰესებთან დაკავშირებით.

“გუშინ ექსპერტმა ბრძანა, ნამახვანი რომ დაინგრეს, არ იქნება 19 მეტრის სიმაღლის ტალღა, მხოლოდ 4 მეტრის სიმაღლის იქნებაო. მინდა ამ ახალი ინფორმაციით დავამშვიდო მიშა, რომელმაც გუშინ ნიკა გვარამიასთან საუბარში განაცხადა, რომ მის მიერ ქუთაისში აშენებული ლამაზი შენობები შეიძლება წყალში ჩაიძიროს. არ მოხდება ასე. 4 მეტრის სიმაღლის წყალი შუშის პარლამენტის მხოლოდ ორ სართულს დატბორავს”, — წერს რომან გოცირიძე Facebook-ზე.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტობის დროს არათუ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არ ყოფილა, არამედ სწორედ მისი ხელისუფლების დროს, 2009 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა საქართველოსა და თურქეთ-სამხრეთ კორეის კონსორციუმს შორის მემორანდუმი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ, აცხადებს, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის სხვა წყაროები აქვს და ჰესები აღარ არის მთავარი პრიორიტეტი.

“მე ამ ბიჭების [ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები] უმრავლესობა ადამიანურად მესიმპათიურება. უმეტესობის მოტივაცია არის აბსოლუტურად სუფთა და სწორი. თქვენც იყავით იმ ეპოქაში, როდესაც საქართველო ბოლომდე ჩაბნელებული იყო. არ შეიძლებოდა, რომ ჩვენ თავიდან არ აგვეშენებინა ჰესები. ვინც მაგას მეტყვის, რომ როგორ არ მოგტყდათ ის ხელი, რომლითაც დაიწყეთ ენერგეტიკაში წესრიგის დამყარება, ჰესების მშენებლობა, იმ ადამიანს უნდა შევარდნაძის ჭაობში. მეორე საკითხია, რომ მე ავიყვანე ტურისტების რაოდენობა 50 ათასიდან 7 მილიონამდე.

თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე მიმეღო გადაწყვეტილება, რომ მდინარე რიონი, საქართველოს ისტორიული, მნიშვნელოვანი და ულამაზესი მდინარე, შეგვეყვანა მილში? ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მდინარე რიონი გავაქროთ და წარმოუდგენელია, რომ ისეთი პროექტი ყოფილიყო, რომელიც ქუთაისს შეუქმნიდა საფრთხეს… ქალაქი, რომელშიც ამხელა გული და სული ჩავდეთ, წაეღო წყალს”, — განაცხადა სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი