ახალი ამბები

#კადიროვიშაითანია — ფლეშმობი მოზარდის მხარდასაჭერად, რომელსაც კადიროვი დაემუქრა

24 მაისი, 2021 • 1523
#კადიროვიშაითანია — ფლეშმობი მოზარდის მხარდასაჭერად, რომელსაც კადიროვი დაემუქრა

„ინსტაგრამსა“ და სხვა სოციალურ ქსელებში მომხმარებლებმა ახალი ფლეშმობი — #კადიროვიშაითანია [#Кадыровшайтан] — წამოიწყეს. ამგვარად გამოხატავენ მხარდაჭერას 15 წლის მოზარდის მიმართ, რომლის ახლობლებსაც სოციალურ ქსელში მისი კომენტარისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწიათ. ისლამურ კულტურაში შაითანი ავ სულს, ეშმაკს ნიშნავს.

რა მოხდა?

„ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის ცნობით, 17 მაისს კადიროვი „ინსტაგრამში“ პირდაპირ ეთერში გავიდა, ხოლო კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა მას შაითანი უწოდა.

კომენტარის წაკითხვის შემდეგ კადიროვმა თქვა: „თუ შენ ეს მე მომწერე, გიპოვი და ვნახოთ, ვინ არის ჩვენში შაითანი… შენ თვითონ მაინც არ გრცხვენია? სარკეში როგორ აპირებ ყურებას? ღამეები ვერ დაიძინებ, ანდერძს დაწერ: თუ მე მოვკვდი, ჩემს ოჯახს დაეხმარეთ… შენი მონაცემები აქ გამომიგზავნე. ვნახოთ, ვინაა შაითანი. მე ძალიან ბევრი შაითანი გავანადგურე და შენც გაგანადგურებ“.

მოგვიანებით ჩეჩნეთის ტელეარხმა „გროზნიმ“ გამოაქვეყნა ორი ვიდეოჩანაწერი, სადაც კომენტარის ავტორის მამა და ნათესავები ბოდიშს იხდიან.

ტელეარხის მტკიცებით, კომენტარის ავტორია 15 წლის მოზარდი დაღესტნიდან, რომელიც ამჟამად მოსკოვის გარეუბანში ცხოვრობს. ტელეარხმა გაუშვა ვიდეოჩანაწერი, სადაც მამამისი ბოდიშს იხდის „15 წლის შვილის არასწორი აღზრდისთვის“ და პირობას დებს, რომ „მომავალში შვილის აღზრდით სერიოზულად დაკავდება“.

მეორე ვიდეოჩანაწერში ბოდიშს იხდიან მოზარდის ნათესავები: „პატივცემულო რამზან, ჩვენ, ამ მოზარდის ნათესავები, ვიაზრებთ რა ჩვენი ბიჭის საქციელს, ბოდიშს გიხდით თქვენ და თქვენს გარემოცვას“, — თქვა ერთ-ერთმა მათგანმა.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ადამიანებს საჯაროდ ბოდიშის მოხდას აიძულებს და მათ ამცირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი