ახალი ამბები

ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე: ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია

24 მაისი, 2021 • 2026
ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე: ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს პასუხობს და აცხადებს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო იმართება კანონით, კონსტიტუციის ფარგლებში და ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, სახელმწიფოს ექმნება შესაბამისი რეაგირება:

“ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ეს მზაობა ჩვენგან იყო, არის და იქნება. ჩვენ ასევე შევთავაზეთ ჩვენს მოქალაქეებს შესაფერისი დიალოგის ფორმატი. არაერთი მცდელობა იყო ჩვენი მხრიდან.

ამას გარდა, ევროკავშირის სპეციალური წარმომდგენელი მოვიწვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსს და დეტალს. ამას გარდა, მე დავავალე იუსტიციის სამინისტროს, დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიის მიერ მოხდეს შესწავლა აღნიშნული პროექტის შესაბამისობის საერთაშორისო პრაქტიკასთან.

აქედან გამომდინარე კითხვები არ უნდა არსებობდეს, თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორი კომპანიის მფლობელს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს გავერკვიო, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში. ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია, ულტიმატუმის ენით საუბარი ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთია. აქედან გამომდინარე მინდა მივმართო ყველა ადამიანს და მოვუხმო გონიერებისკენ”, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რიონის ხეობაში, კარვებში, 208-დღიანი პროტესტისა და ქუთაისში გამართული აქციების შემდეგ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა თბილისში გადაინაცვლეს.

“ბრძოლა იწყება აქ და ახლა და ჩვენ მას ბოლომდე მივიყვანთ. მნიშვნელოვანია, განწყობილი ვიყოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის”, — მიმართა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა აქცია 4 ძირითადი მოთხოვნით დააანონსეს:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

თუმცა უშუალოდ აქციაზე მოთხოვნებს დაემატა მორატორიუმის გამოცხადება მთელ ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე და ახალი ენერგოპოლიტიკის შემუშავება საზოგადოებრივი ჩართულობით. ასევე, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ყველა პირზე, ვინც ხელს აწერს ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.

ამ მოთხოვნების შესასრულებლად აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ვადა 24 მაისის 12:00 საათამდე მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი