ახალი ამბები

მორატორიუმი ენერგოსექტორში და საქმის აღძვრა ნამახვანჰესზე ხელმომწერებზე — ახალი მოთხოვნები

23 მაისი, 2021 • 1871
მორატორიუმი ენერგოსექტორში და საქმის აღძვრა ნამახვანჰესზე ხელმომწერებზე — ახალი მოთხოვნები

რიონის ხეობაში, კარვებში 208-დღიანი პროტესტისა და ქუთაისში გამართული აქციების შემდეგ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა თბილისში გადაინაცვლეს.

“ბრძოლა იწყება აქ და ახლა და ჩვენ მას ბოლომდე მივიყვანთ. მნიშვნელოვანია, განწყობილი ვიყოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის”, — მიმართა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა აქცია 4 ძირითადი მოთხოვნით დაანონსეს:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

თუმცა უშუალოდ აქციაზე მოთხოვნებს დაემატა მორატორიუმის გამოცხადება მთელ ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე და ახალი ენერგოპოლიტიკის შემუშავება საზოგადოებრივი ჩართულობით და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ყველა პირზე, ვინც ხელს აწერს ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.

აქციის გზავნილები

რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსისა და იდეოლოგიის პირები, სამოქალაქო აქტივისტები, ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა დაანონსა. აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ ვერავის დაუშლის პროტესტს შეუერთდეს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შესთავაზა, ადგილები დაიკავონ ხალხში, რიგით მომიტინგეებად და არა — სცენაზე.

“მუდმივად აპელირებენ სოციალურ მედიაში და ტელესივრცეებში, რომ ჩვენ პოლიტიკური მიზნები გვაქვს და ა.შ. პარტიულ დღის წესრიგს ვგულისხმობ, თორემ დღეს პოლიტიკურ ბრძოლაში დღეს ისედაც ვართ. რატომ არ ვთვლით პარტიული დღის წესრიგით ბრძოლას საჭიროდ და რატომ მიგვაჩნია, რომ არ შეუძლია იმ დღის წესრიგს გადაგვიწყვიტოს პრობლემა — პირველ რიგში იმიტომ, რომ იმ ერთობის დამანაწევრებელია, რა ერთობაც ახლა ჩვენს წინაშე დგას. ამ მოედანზე სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები არიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, კონკრეტულად იმ სკამზე ვინ ზის დღეს, მნიშვნელოვანია, არის თუ არა ის ხალხის ნების აღმსრულებელი და ეროვნული ინტრესების გამტარებელი”, — განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა და დასძინა, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და მოსახლეობას შორის უფსკრულია.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, “დღის წესრიგში დადგა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საკითხი”. გოლეთიანი მიიჩნევს, რომ ქვეყნის სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა საკითხებზე მიმდინარე პროტესტები უნდა გაერთიანდეს.

“ჩვენ მუდმივად ამა თუ იმ პარტიას ვაძლევთ ხოლმე ძალაუფლებას და შემდეგ კაცი არ ჩანს, ვინც გააკონტროლებს გადაცემულ ძალაუფლებას. კარგად უნდა გავათვიცნობიეროთ,  რა არის ზემოქმედების ბერკეტი — ეს არის ჩვენი სიმრავლე. უნდა გავერთიანდეთ და უნდა დავდგეთ ყველა იმ ეპიცენტრში, სადაც არის ჯანსაღი პროტესტი და სადაც ადამიანები იბრძვიან სამართლიანობისთვის და სადაც ადამიანები იბრძვიან თავისი უფლებებისთვის და იმისთვის, რომ სამართლიან გარემოში იცხოვრონ და ამ ქვეყანას მიეცეს რეალური განვითარების საშუალება. თუ გვინდა, რომ სწორად წარვმართოთ ეს პროცესი და ჩვენი სახალხო მოძრაობა რეალურად იყოს შედეგიანი და გადაწყდეს კონკრეტული პრობლემები ჭიათურაში იქნება, ნახმოვანში თუ გურიაში თუ ყველა რეგიონში, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, დავაყენოთ ლეგიტიმური მოთხოვნა და შესრულების შემთხვევაში გვქონდეს შესაბამისი რეაგირება”, — განაცხადა გოლეთიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლება რომელიც საზოგადოების დაკვეთას არ შეასრულებს, თვითონვე მოარყევს სისტემას, რომელზეც დგას.

“ჩვენ ამ ბრძოლაში არ გავჩერდებით. ეს იქნება მათი კანონზომიერი პოლიტიკური შერყევა და პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე მათზე გადაინაცვლებს. ჩვენ არ გვქონდა სურვილი, რომ ხელისუფლება გადაგვეგდო, რევოლუცია მოგვეწყო და ა.შ. ჩვენ გვინდა, კონკრეტული ესა თუ ის პრობლემა მოვაგვაროთ. გავაერთიანოთ ძალები, ვგულისხმობ ყველა იმ ჯანსაღ პროცესს რაც გაფიცვების სახით ამა თუ იმ რეგიონში გვაქვს, საერთო ძალბეით ვებრძოლოთ ტოტალურ უსამართლობას და ამ ბრძოლაში ხელისუფლება თავად გამოუტანს განაჩენს საკუთარ თავს, თუ არ იქნება ხალხის ნების აღმსრულებელი”, — თქვა გოლეთიანმა.

აქციი ორგანიზატორების თქმით, ნამახვანჰესის საკითხზე ხელისუფლებასთნ ყველანაირი დიალოგის რესურსი  ამოწურულია. ახლა, დაანონსებული 4 ძირითად მოთხოვნის გარდა, აქციის მონაწილეები ითხოვენ:

  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, ვინც ჩართული იყო ნამახვანჰესის დოკუმენტაციის მომზადების პროცესში

“ხშირად გვდებენ ბრალს, რომ ჩვენ ვლობირებთ რუსული კილოვატ/სათების გაყიდვას ქვეყანაში, ვართ დესტრუქციული ძალა, უბრალოდ, არ გვინდა, რომ ჰესი აშენდეს და ვართ კამპანია „არა ჰესებს“. ეს ასე არ არის. ჩვენ ამისთვის გვჭირდება პაუზა და იმ ენერგოპოლიტიკის განსაზღვრა, რომელიც დღეს ქვეყანას არ აქვს. ქაოტურად ხდება  პროცესის წარმართვა ყველა ხეობის უბრალოდ დაბეტონება — რისთვის და ვისთვის, ეს არის გაუგებარი. ის, რომ აქ კონკრეტულად ვიწრო ინტერესები იკვეთება ამა თუ იმ პერსონალის და ჩინოვნიკების, ჩვენ უკვე 209 დღეა ვამბობთ. ვითხოვთ, რომ აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომლიც ჩართული იყო ამ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.

აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო თურნავასთან დაკავშირებით, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს ამ პროექტთან მიმართებით. დასასჯელი არიან მთელი რიგი პერსონები. თუნდაც ვიცით, რომ ბატონი გახარიას ხელმოწერაც არის რიონის ხეობის გადაცემასთან დაკავშირებით, ვიცით, რომ 121 ლარად გაყიდეს მთელი ხეობა სრულიად დაუსაბუთებლად. ვერ შევიკავებთ თავს, თუ დღეს ვინმეს პარტიული ძალის ჩამოყალიბება უნდა ამ ქვეყანაში”, — განაცხადა გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მოგვიანებით მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ ახსენებს პასუხისმგებლობის კონტექსტში “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარეს, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს. გოლეთიანის თქმით, ივანიშვილის ხსენება უადგილო იქნებოდა, ვინაიდან მოსაზრება, ნამახვანჰესის პროექტის უკან მისი ინტერესების შესახებ დოკუმენტურად არ არის გამყარებული.

“ივანიშვილის სახელის ხსენებით გავაღვივებთ ნარატივს, რომ პოლიტიკური პროცესია. თუმცა როცა ვაყენებთ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს, ივანიშვილი არ არის გამიჯნული”, — აღნიშნა მან.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესასრულებლად ხვალ 12:00 საათამდე მისცეს დრო, შემდეგ კი დედაქალაქის პარალიზება დააანონსეს. ისინი ღამეს კარვებში გაათევენ.

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონზე, რასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. საპროტესტო მოძრაობის გაძიერების ფონზე, 2021 წლის 12 მარტს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გამოაცხადა, რომ „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორთან დიალოგის შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას, რომ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა ძირითადი კვლევების გადამოწმებამდე არ დაიწყება. მოგვიანებით, მარტის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კვლევების ვალიდაციამდე აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები 9-12 თვემდე ვადით შეჩერდებოდა.

ხვალ, 12 საათამდე თუ მოთხოვნები არ შესრულდება, დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ — გოლეთიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი