ახალი ამბები

“გირჩი — მეტი თავისუფლების” აქცია ე.წ. კომენდანტის საათისა და სხვა რეგულაციების წინააღმდეგ

22 მაისი, 2021 • 1420
“გირჩი — მეტი თავისუფლების” აქცია ე.წ. კომენდანტის საათისა და სხვა რეგულაციების წინააღმდეგ

პარტია “გირჩი — მეტი თავისუფლება” პანდემიის კრიზისის ფარგლებში დაწესებული რეგულაციების წინააღმდეგ თბილისში აქციას მართავს. პროტესტის მონაწილეები, თავდაპირველად, დინამოს სტადიონთან შეიკრიბნენ. მსვლელობის ბოლო გაჩერება დედაენის ბაღია.

პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “მთავრობის მავნებლურმა კორონაპოლიტიკამ ისედაც ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი ეკონომიკა კიდევ უფრო გააღარიბა, რისი შედეგიც შემცირებული ინვესტიციები, გაზრდილი ფასები, მკვდარი ტურიზმი, უამრავი დაკარგული სამუშაო ადგილი და შემცირებული ხელფასებია”.

პარტიაში დაუშვებლად აფასებენ მეთოდებს, რომლებიც მთავრობამ COVID-19-თან საბრძოლველად აირჩია და ითხოვენ:

  • გაუქმდეს კომენდანტი საათი;
  • გაიხსნას საზღვრები ;
  • გაიხსნას ყველა ბიზნესი;
  • გაუქმდეს ჯარიმები.
"გირჩი — მეტი თავისუფლების" აქცია-მსვლელობა თბილისში

ამჟამინდელი რეგულაციების მიხედვით, ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყნის მასშტაბით 23:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს. შეზღუდვა მთავრობამ 2 საათით, მიმდინარე კვირის დასაწყისში შეამცირა. ამასთან, კაფე-რესტორნებს მუშაობის უფლება შაბათ-კვირასაც მიეცათ, თუმცა, მხოლოდ ღია სივრცეებში.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსმა თქვა, რომ გრძელდება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება და შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქება პირველი ივნისიდან განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი