ახალი ამბები

ანა დოლიძემ პარტია დააფუძნა

22 მაისი, 2021 • 1729
ანა დოლიძემ პარტია დააფუძნა

ანა დოლიძემ პარტია “ხალხისთვის დააფუძნა. დამფუძნებელი ყრილობა 22 მაისს, თბილისში, არტოს ბაღში გაიმართა. დოლიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამჟამად პარტიის რეგისტრაციის პროცედურები მიმდინარეობს.

1 დღით ადრე ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვით მხარდამჭერებს მოუწოდა, მისულიყვნენ ყრილობაზე და წვლილი შეეტანათ პარტიის დაფუძნებაში, ასევე:

“ქვეყნის სწრაფ განვითარებაში, იმაში, რომ დამთავრდეს კორუფცია, ნეპოტიზმი, კლანურობა… რათა ქვეყანაში შევქმნათ სოციალური სამართლიანობა”.

ანა დოლიძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხისთვის” 1 წლის წინ დააფუძნა, მიმდინარე წლის მარტში კი ცნობილი გახდა, რომ ხსენებული მოძრაობის პარტიად გარდაქმნას აპირებდა.

დოლიძემ მაშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პოლიტიკური ძალებიდან არცერთს გააჩნია საზოგადოების საკმარისი ნდობა და კომპეტენცია.

“ამიტომ გადავწყვიტე, დღეიდან, მოძრაობა “ხალხისთვის” შექმნიდან ერთი წლისთავზე, დავიწყო კონსულტაციები შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირებთან ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, რომელიც შეძლებს ამ მთავარი დაკვეთის შესრულებას – ესაა სამართლიანი და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა.

დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ამ ფასეულობებს, სწრაფი ნაბიჯით წავალთ წინ ამ მიზნისკენ” ,— აღნიშნავდა ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი