ახალი ამბები

ანა დოლიძე პარტიას ქმნის

16 მარტი, 2021 •
ანა დოლიძე პარტიას ქმნის

მოძრაობა “ხალხისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე პარტიის ქმნის. პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც პოლიტიკური ძალებიდან არცერთს გააჩნია საზოგადოების საკმარისი ნდობა და კომპეტენცია, იწყებს კონსულტაციებს დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად:

“დღეს წარმოდგენილი პოლიტიკური ძალებიდან არცერთს გააჩნია საკმარისი საზოგადოებრივი ნდობა და კომპეტენცია, იმოქმედოს პოლარიზაციის მიღმა ქვეყნის განვითარებისთვის, საქართველოში მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შესაქმნელად.

ამიტომ გადავწყვიტე, დღეიდან, მოძრაობა “ხალხისთვის” შექმნიდან ერთი წლისთავზე, დავიწყო კონსულტაციები შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირებთან ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, რომელიც შეძლებს ამ მთავარი დაკვეთის შესრულებას – ესაა სამართლიანი და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ამ ფასეულობებს, სწრაფი ნაბიჯით წავალთ წინ ამ მიზნისკენ” ,— ამბობს ანა დოლიძე.

მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად გამოჩნდა, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რჩება სახელმწიფოსთვის უმთავრეს გამოწვევად. კორუფცია, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, ნეპოტიზმი, კრონიზმი, არაკომპეტენტურობა და პოლიტიკური მიკერძოებულობა კი შიგნიდან ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

“ამავე დროს, პოლარიზებული და ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფილი პოლიტიკური ელიტა ვერ წყვეტს უმთავრეს ამოცანას: პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას ხალხის პრობლემები და ქვეყნის მომავალი პერსპექტივის ამოცანები.

ხელისუფლებისათვის, რომელიც მოსახლეობას ქვეყნის განვითარების გეგმას ვერ სთავაზობს, პოლარიზება მეხამრიდის როლს თამაშობს. ხუთთვიანი პოლიტიკური კრიზისის პირობებში დღის წესრიგის მიღმა მთლიანად დარჩა მთავარი: ჩვენი ქვეყნის მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის და მისი სწრაფი მოდერნიზების ამოცანა”, — აცხადებს ანა დოლიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი