ახალი ამბები

გიორგი კვინიტაძე საქართველოში ჩამოასვენეს

22 მაისი, 2021 • 1383
გიორგი კვინიტაძე საქართველოში ჩამოასვენეს

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა ოფიციალური ღონისძიება, რომელსაც პრეზიდენტი და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღეიდან, 22 მაისიდან, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვიტოს დაიბადა, სამხედრო განათლება კი თბილისსა და პეტერბურგში მიიღო.

“საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში.

დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში”, — აღნიშნავს საქართველოს მთავრობა.

1921 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, კვინიტაძე ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.

საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ გიორგი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი