ახალი ამბებირეკლამა

ამერიკისმცოდნეობის 22-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

21 მაისი, 2021 • 1107
ამერიკისმცოდნეობის 22-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 245-ე წლისთავს მიეძღვნა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. 

კონფერენციის თემატიკა, ტრადიციულად, ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, არქიტექტურა, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები, მეცნიერება და ტექნოლოგია, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და სხვა. 

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისი,  საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში თედო ჯაფარიძე, თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვასილ კაჭარავა, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

თსუ რექტორმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოსა და ამერიკას შორის მრავალწლიან ურთიერთობაზე და ყურადღება გაამახვილა ამერიკის უნივერსიტეტებთან თსუ-ის პარტნიორობაზე.

თსუ-ს  უკვე მრავალი წლის ურთიერთობა აკავშირებს ამერიკასთან და მის უნივერსიტეტებთან. ეს ურთიერთობა ჯერ კიდევ ამერიკელი პროფესორის ბლეიკის სახელს უკავშირდება, რომელიც 1918 წლის შემოდგომაზე გახდა თსუ პროფესორი აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებაზე. შემდგომ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად ჩამოყალიბდა თსუ-ში ამერიკისმცოდნეობის ცენტრი. ბევრი წარმატებული სპეციალისტი აღიზარდა ამ ცენტრში, ბევრი საინტერესო ლიტერატურა იბეჭდება, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც დავიწყეთ ამ საკითხების ღრმად შესწავლა და ეს უკვე არის ტრადიცია, რომელიც უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს.“- განაცხადა თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ. 

თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვასილ კაჭარავამ ვრცლად ისაუბრა ინსტიტუტის საქმიანობასა და მის როლზე.

„30-წლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს ამერიკასთან და დღეს უკვე სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მივაღწიეთ, მაგრამ წინ ბევრი საქმე გველის. როდესაც ქვეყანასთან გაკავშირებს მეგობროდა და პარტნიორობა, აუცილებელია იმ ქვეყნის შესახებ ბევრი იცოდე და სწორედ ესაა ჩვენი – ამერიკანისტიკის ინსტიტუტის ფუნქცია, რომ შევისწავლოთ აკადემიური კუთხით ამერიკა, როგორც ქვეყანა. ეს არის ასევე ეროვნული მოვალეობაც და ფუნქციაც.  ამ ინსტიტუტს აქვს დატვირთვა, რომ ქართულ საზოგადოებაში ობიექტური ინფორმაცია გაავრცელოს ამერიკის, როგორც  უძლიერესი ქვეყნის და ჩვენი პარტნიორის შესახებ.“ – განაცხადა ვასილ კაჭარავამ.

ღონისძიება თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის მიზანია, ამერიკისმცოდნეობის დისციპლინის ფარგლებში, მაქსიმალურად ფართო სპექტრის მოხსენებების თავმოყრა. 

კონფერენციის ფორმატი გულისხმობს სხვადასხვა დარგობრივ სექციაში მუშაობასა და სადისკუსიო გარემოს შექმნას. წელს კონფერენცია ჩატარდა ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია კონფერენციაზე წარმოდგენილ გამორჩეულ მოხსენებებს დაბეჭდავს პერიოდულ გამოცემაში ,,ამერიკის შესწავლის საკითხები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი