ახალი ამბები

იმნაძე მოქალაქეებს არ ურჩევს, “ფაიზერს” დაელოდონ

21 მაისი, 2021 • 4183
იმნაძე მოქალაქეებს არ ურჩევს, “ფაიზერს” დაელოდონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ვერ აკონკრეტებს, “ფაიზერის” ვაქცინის ერთ მილიონ დოზას ზაფხულში საქართველო ერთდროულად მიიღებს, თუ ეტაპობრივად.

იმნაძის თქმით, საქართველოს ლოჯისტიკის თვალსაზრისით მილიონი დოზის ერთდროულად მიღების პრობლემა არ აქვს, პრობლემა მოწოდებაშია.

“მე არ ვურჩევ არავის, რომ დაელოდონ… რატომ ელოდებიან? გასაგებია, ბევრს აინტერესებს, რამდენად აღიარებული იქნება სხვადასხვა ვაქცინა კოვიდ პასპორტების შემოღების პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში. ბრენდის სახელიც მესმის, ვიღაცას ერთი ბრენდი ურჩევნია, სხვას — მეორე, მაგრამ თუ ჩვენ ჯანმრთელობაზე ვფიქრობთ, რომ ჩვენი სიცოცხლე იყოს დაცული და კოვიდის მძიმე მიმდინარეობისგან დაცული ვიყოთ, ყველა ეს ვაქცინა ერთნაირად მუშაობს ამ საკითხებზე, რომ სიკვდილისგან და რეანიმაციაში მოხვედრისგან გვიხსნას”, — განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, თუნდაც თრომბოზების განვითარებაში “ასტრაზენეკა” არავითარ რისკს არ წარმოადგენს, განსაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანებში.

“თუ გაეცნობით ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებს, იგივე “ფაიზერი” არაფრით არ ჩამოუვარდება “ასტრაზენეკას” თრომბოზების განვითარების რისკის მხრივ. ეს არის იმდენად მინიმალური რაოდენობა — მილიონზე დაახლოებით ერთ შემთხვევა. ზოგიერთი თრომბოზის შემთხვევა “ფაიზერს” უფრო მეტი აქვს, ვიდრე “ასტრაზენეკას”, მაგრამ იმიჯი შეექმნათ განსხვავებული. მე არ ვურჩევდი [მოქალაქეებს] დალოდებას. ვურჩევდი, დღესვე დავიცვათ ჩვენი თავი, ოჯახები, ახლობლები და ვისაც ძალიან უნდა დასავლური ბრენდი, აგერ არის “ასტრაზენეკა”, — განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველო “ფაიზერისგან” მილიონ დოზა ვაქცინას ელის, თუმცა ვაქცინების მოწოდების კონკრეტული თარიღი და გრაფიკი უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი