ახალი ამბები

BBC პრინცესა დაიანასთან ჩაწერილი ცნობილი ინტერვიუს გამო ბოდიშს იხდის

20 მაისი, 2021 • 2187
BBC პრინცესა დაიანასთან ჩაწერილი ცნობილი ინტერვიუს გამო ბოდიშს იხდის

ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში (BBC) ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1995 წელს ტელეარხის ჟურნალისტმა მარტინ ბაშირმა პრინცესა დაიანა ინტერვიუზე მანიპულაციის გზით დაითანხმა. გარდა ამისა,  BBC-ის ხელმძღვანელობამ ყურადღებით არ შეისწავლა გარემოებები, თუ როგორ დაითანხმა ინტევრიუზე ჟურნალისტმა სამეფო ოჯახის წევრი. უფრო მეტიც, მოკვლევამ დაადგინა, რომ იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ გარკვეული ფაქტები მიჩქმალა კიდეც. სწორედ ამის გამო, თითქმის 26 წლის შემდეგ მაუწყებელი ბოდიშს იხდის.

საუბარია 1995 წელს ჩაწერილ ინტერვიუზე, რომელმაც დიდი ყურადღება მიიპყრო იმიტომ, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინცესა დაიანა პრინც ჩარლზთან ქორწინების პრობლემებზე ღიად საუბრობდა.

გასული 25 წლის განმავლობაში ტელეკომპანიის მიმართ კრიტიკა აღნიშნული ინტერვიუს გამო არ წყდებოდა, მათ შორის, თავად დაიანას ოჯახის მხრიდანაც.

დასკვნის მიხედვით კი, რომელიც დამოუკიდებელმა კომისიამ გამოაქვეყნა, ჟურნალისტმა მარტინ ბაშირმა უღირსი მეთოდები გამოიყენა იმისათვის, რომ პრინცესას მის გადაცემაში ყოფით პრობლემებსა და თავის ესაუბრა.

კერძოდ, ბაშირი დაუახლოვდა დაიანას ძმას, ერლ სპენსერს. ჟურნალისტმა სპენსერს აჩვენა ყალბი საბანკო ამონაწერები, რომლის მიხედვითაც, თითქოს, საიდუმლო სამსახური პრინცესა დაიანას უთვალთვალებდა, გარდა ამისა, თვალთვალისთვის ფულს უხდიდნენ დაიან გარემოცვის წევრებს.

ყალბი დოკუმენტების გამო ბოდიში მარტინ ბაშირმაც მოიხადა, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ყალბი დოკუმენტების ჩვენებას გავლენა არ მოუხდენია პრინცესა დაიანას არჩევანზე, გულახდილი ინტერვიუ მიეცა მისთვის.

აღნიშნულ ინტერვიუს ბრიტანეთსა და მის საზღვრებს გარეთ დიდი გამოხმაურება ჰქონდა. დაიანამ ბაშირთან ისაუბრა თავის უიღბლო ქორწინებაზე პრინც ჩარლზთან და მის ურთიერთობაზე კამილა პარკერ ბოულსთან.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა, რომელსაც ტიტული არ დაუტოვებია, ღიად ისაუბრა პირად ცხოვრებასა და სამეფო ოჯახზე.

მარტინ ბაშირი ინტერვიუს შემდეგ ცნობილი გახდა, რამაც მას კარიერული წინსვლის საშუალება მისცა. გარდა ამისა, დაიანასთან ინტერვიუს შემდეგ მან არაერთ ცნობილ ადამიანთან მოახერხა ინტერვიუს ჩაწერა, მათ შორის, მაიკლ ჯექსონთან.

პრინცესა დაიანა ამ ინტერვიუდან 2 წელიწადში ავტოავარიაში დაიღუპა. მისი ძმა ერლ სპენსერი დარწმუნებულია, რომ ბაშირთან ჩაწერილმა ინტერვიუმ დაიანას ცხოვრება გააუარესა, მას დაუკარგა რწმენა გარშემომყოფთა მიმართ და საბოლოოდ, სრულიად მარტო, დაუცველი დატოვა. სპენსერის აზრით, BBC-ის ინტერვიუმ გარკვეული ირიბი როლი ითამაშა დაიანას სიკვდილში.

მარტინ ბაშირი ბოლო დრომდე BBC-ში მუშაობდა და მან პოსტი ცოტა ხნის წინ, ავადმყოფობის საბაბით დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი