ახალი ამბები

საქართველო SII-ის მიერ წარმოებულ ასტრაზენეკას ვაქცინებს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ვერ მიიღებს

20 მაისი, 2021 • 1751
საქართველო SII-ის მიერ წარმოებულ ასტრაზენეკას ვაქცინებს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ვერ მიიღებს

ინდოეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვა გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედ “სერუმის ინსტიტუტში”, რომელიც ვაქცინების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოს მასშტაბით, ამბობენ, რომ შიდა საჭიროებების გამო შეზღუდვა ძალაში წლის ბოლომდე დარჩება. ინდური წარმოების ვაქცინების რიგში საქართველოც დგას.

ინსტიტუტმა ვაქცინის ექსპორტი მიმდინარე წლის მარტში, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების ზრდის ფონზე შეაჩერა. “სერუმის ინსტიტუტში” იქამდე ამბობდნენ, რომ შეზღუდვა, სავარაუდოდ, ივნისში მოიხსნებოდა, თუმცა, ინდოეთში არსებული მძიმე ეპიდვითარებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, გეგმები შეიცვალა.

“ვიმედოვნებთ, კოვაქსის [პლატფორმისა] და სხვა ქვეყნებისთვის [ვაქცინის დოზების] მიწოდებას წლის ბოლოსთვის განვაახლებთ”, — ციტირებს Financial Times “სერუმის ინსტიტუტის” აღმასრულებელ დირექტორს, ადარ პუნავალას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი დარტყმაა კოვაქსის პლატფორმისთვის, რომელიც 2021 წლის ბოლომდე განვითარებადი ქვეყნებისთვის ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 2 მილიარდი დოზის მიწოდებას გეგმავს.

ინდოეთის კრიზისმა ვაქცინაციის პროცესს რიგ სახელმწიფოებში პრობლემები უკვე შეუქმნა . ეს ქვეყნები კოვაქსისგან ელიან “ასტრაზენეკას” ვაქცინის დოზებს, რომლებიც სწორედ “სერუმის ინსტიტუტის” მიერ არის წარმოებული.

“სერუმის ინსტიტუტის” მიერ წარმოებული ვაქცინის დოზების მომლოდინეთა რიგში საქართველოცაა. თებერვალში ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებმა გაავრცელეს ინფორმაცია უშუალოდ მწარმოებელ კომპანიასთან გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომელშიც “ასტრაზენეკას” 150 000 დოზის მიღებაზეა საუბარი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 19 მაისს “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამ მიმართულებით ჯერჯერობით პროგრესი არ არის. მიზეზად სწორედ ინდოეთში ვაქცინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა დაასახელა.

ამ საკითხთან დაკავშირებით “ნეტგაზეთმა” სახელმწიფოს აპრილშიც ჰკითხა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, რომელმაც “ასტრაზენეკას” მიერ წარმოებული ვაქცინების მისაღებად ინდოეთში შეხვედრებიც გამართა, მაშინ გვითხრა, რომ ინდოეთის მიერ საექსპორტო შეზღუდვის მოხნსისთანავე საქართველო ასტრაზენეკას “საკმაოდ მოცულობით რაოდენობას” მიიღებს.

ინდოეთში ეპიდვითარება კვლავ მძიმეა. სამშაბათს ქვეყანაში ვირუსის 263 533 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 4 329 ადამიანი კი გარდაიცვალა. არსებობს ვარაუდი, რომ რიცხვები გაცილებით მეტია, ვინაიდან სოფლად ტესტირების პროცესი ნელა მიმდინარეობს.

ინდოეთში ვითარება არც ვაქცინაციის კუთხით არის სახარბიელო: ამ დროისთვის ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია აცრილი ორივე დოზით. კლინიკებში ვაქცინის დოზების ნაკლებობაზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი