ახალი ამბები

სახელმწიფო ინსპექტორი საპატრიარქოს მხრიდან ჯანდაცვის მონაცემებზე შესაძლო წვდომას შეისწავლის

19 მაისი, 2021 • 1473
სახელმწიფო ინსპექტორი საპატრიარქოს მხრიდან ჯანდაცვის მონაცემებზე შესაძლო წვდომას შეისწავლის

ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ/არ პასუხობენ კითხვას, პაციენტთა რა მონაცემთა ბაზაზე აქვს წვდომა საპატრიარქოს.

დღეს, 19 მაისს, საქართველოს საპატრიარქოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის გასაშუქებლადაც ჟურნალისტები უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმების დაცვით დაუშვეს. ჟურნალისტების ცნობით, საპატრიარქოში შესვლისას მათი პირადობის დამადასტურებელი მოწმებები შეამოწმეს ინფორმაციის გადასამოწმებლად, ჰქონდათ თუ არა კორონავირუსი გადატანილი ან ტესტი ჩატარებული.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ გადაამოწმებდნენ ამ ინფორმაციას, აქვთ თუ არა რაიმე ბაზაზე წვდომა, საპატრიარქოს პრეს-სპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა:

„დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ საავადმყოფო გვაქვს, რომელიც მოწყობილია კოვიდ-ვითარების შესაბამისად. ეს საავადმყოფო 10 000-მდე ადამიანს მოემსახურა და, რა თქმა უნდა, გვაქვს“.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ის ვერ ერკვევა, რომელ ბაზასთან აქვთ წვდომა, მაგრამ იცის, რომ ვაქცინაციის შესახებ მონაცემები ერთ ბაზაში რეგისტრირდება. დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა ეს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზა, ჯაღმაიძემ უპასუხა: “რა თქმა უნდა“.

ჟურნალისტების კითხვაზე, ამით ირღვევა თუ არა პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობა, თქვა: „მე არ ვიცი, ალბათ ხელმისაწვდომია. ისეთ საკითხში შევდივარ, რისი კომპეტენციაც არ მაქვს“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტრის კითხვით, როგორ და რა დასაბუთებით მიუწვდება საპატრიარქოს ხელი სამინისტროს ბაზაზე. უწყებაში ჯერ გვითხრეს, რომ ამ კითხვაზე ვერ გვიპასუხებდნენ, შემდეგ კი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გადაგვამისამართეს. NCDC-ისგან “ნეტგაზეთმა” ასევე ვერ მიიღო ინფორმაცია, აქვს თუ არა საპატრიარქოს წვდომა რაიმე ბაზაზე.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო ფლობს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემას (EHR), რაც არის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ციფრული საცავი. აღნიშნულ სისტემას NCDC აწვდის ცნობებს იმუნიზაციის შესახებაც. სისტემის მიზანია, დადგენილი წესით, ავტორიზებული პირებისგან შეაგროვოს, შეინახოს, გაზიარებადი გახადოს და დაამუშაოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერები და ამით ხელი შეუწყოს ინტეგრირებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებას.

სისტემასთან წვდომა აქვთ პაციენტს და ავტორიზებულ ექიმს, რომელიც უფლებამოსილია მონაცემები დაამუშავოს მხოლოდ სამედიცინო საქმიანობის (სამედიცინო მომსახურების), პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების რედაქტირების მიზნით და პაციენტის მოთხოვნით. ამასთან, ექიმის მიერ EHR სისტემაში გადაცემული მონაცემები ჩვეულებრივ ხილულია სისტემაში ავტორიზებული ყველა ექიმისთვის, თუ პაციენტს დაფარული არ აქვს ეს ინფორმაცია.

როგორც ცნობილია, საპატრიარქო წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს ფლობს. თუ ჩავთვლით, რომ აღნიშნული სამედიცინო ცენტრის ავტორიზებულ ექიმს ჰქონდა წვდომა ელექტრონული ჩანაწერების სისტემასთან, ბაზაში დაცული მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ექიმისთვის და არა — საპატრიარქოსთვის.

ელექტრონული ჩანაწერების სისტემა ფუნქციონირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან შესაბამისობაში. აღნიშნული კანონით ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აკრძალულია გარდა გამონაკლისი  და მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის შემთხვევებისა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ საპატრიარქოს მხრიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის საკითხს შეისწავლიან.

საპატრიარქოში მხოლოდ კოვიდგადატანილი და ტესტირებული ჟურნალისტები შეუშვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი