ახალი ამბები

მაშველებმა ომალოდან შეუძლოდ მყოფი ორი პირი თბილისში ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

19 მაისი, 2021 • 845
მაშველებმა ომალოდან შეუძლოდ მყოფი ორი პირი თბილისში ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

მაშველებმა ომალოდან შეუძლოდ მყოფი ორი პირი თბილისში ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა შეტყობინება, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მეცხვარეებთან ერთად იმყოფებოდა აშშ-ის მოქალაქე ფოტოგრაფი, რომელიც იყო შეუძლოდ და საავადმყოფოში გადასაყვანად ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

ასევე, ომალოს მიმდებარედ, მთაში, მწყემსებისთვის განკუთვნილ შენობაში იმყოფებოდა მწყემსი, 61 წლის მოქალაქე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ასევე, ესაჭიროებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

უწყების განცხადებით, აღნიშნულ ადგილებზე საავტომობილო გზის არარსებობის გამო შეტყობინებებზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფმა.

ომალოს მიმართულებით მეხანძრე-მაშველები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისიდან გავიდნენ.

მეხანძრე-მაშველების მიერ ორივე მოქალაქე უკვე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ექიმები აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი