ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სირიაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ სავაჭრო პალატის წარმომადგენლობა გახსნა

19 მაისი, 2021 • 1530
სირიაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ სავაჭრო პალატის წარმომადგენლობა გახსნა

სირიის არაბულ რესპუბლიკაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დამასკოში გაიხსნა აფხაზეთის სავაჭრო-სამეწარმეო პალატის წარმომადგენლობა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მხარე ავრცელებს.

“წარმომადგენლობის გახსნა – ეს არის ახალი ნაბიჯი მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციაში, რომელიც საინტერესო და სასარგებლო მოვლენაა როგორც ჩვენს რესპუბლიკებს შორის ინტეგრაციული ურთიერთობებისთვის, ასევე თითოეული მხარისთვის”, – აფხაზური მედიის ცნობით, განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა თამილა მირცხულავამ სირიაში ვიზიტის დროს.

ოფიციალური ცნობითვე, აფხაზეთისა და სირიის სავაჭრო პალატებს შორის აქამდეც ხელმოწერილია რიგი შეთანხმებები ამ კუთხით და მხარეთა შორის შეხვედრები პერიოდულად მიმდინარეობდა. სწორედ ეს თანამშრომლობა გახდა საფუძველი იმისა, რომ სირიაში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლობა გაიხსნა.

აფხაზური მხარის ინფორმაციითვე, სავაჭრო წარმომადგენლობის მუშაობა მიმართული იქნება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გასამყარებლად, რამაც საბოლოო ჯამში, რესპუბლიკებს შორის ხელი უნდა შეუწყოს იმპორტ-ექსპორტის გაზრდას.

სავაჭრო სახლის გახსნაზე აფხაზურმა მხარემ ასევე წარმოადგინა ის პროდუქცია, რომელიც აფხაზეთში იწარმოება, მათ შორის- ღვინო, მინერალური წყალი და ჩაი.

დამასკოში აფხაზეთის დე ფაქტო საელჩო 2020 წლის 6 ოქტომბერს გაიხსნა.

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს ცნო, რის შემდეგაც საქართველომ შეწყვიტა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები.

2018 წელს სირიის არაბულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი პირველი ხარისხის აფხაზური “ახდზ-აპშას” ორდენით დააჯილდოვა.

სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირე რუსეთია, რომლის დახმარებით აფხაზეთი სხვადასხვა ქვეყნის საერთაშიროსო აღიარებას ცდილობს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი