ახალი ამბები

აშშ სხვა ქვეყნებს 80 მლნ ვაქცინას გაუნაწილებს

17 მაისი, 2021 • 1484
აშშ სხვა ქვეყნებს 80 მლნ ვაქცინას გაუნაწილებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა დანარჩენ მსოფლიოს დამატებით კიდევ 20 მილიონ ვაქცინას გაუზიარებს. მანამდე აშშ-ს 60 მილიონი ვაქცინის გაზიარებაზე ჰქონდა გადაწყვეტილება გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ სხვა ქვეყნებისთვის, ჯამში, 80 მლნ ვაქცინის განაწილებას გეგმავს.

ზემოხსნებული 80 მილიონიდან 60 მლნ ასტრაზენეკას წარმოების ვაქცინაა, რომელიც საქართველოშიც გამოიყენება ასაკოვან მოქალაქეებში. რაც შეეხება დღეს დაანონსებულ 20 მლნ-ს, საუბარია მოდერნას, ფაიზერისა და ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინებზე. ამ 20 მილიონ ვაქცინას აშშ ქვეყნებს ივნისის ბოლომდე მიავწდის, ხოლო 60 მლნ ასტრაზენეკას – 4 ივლისისთვის.

“ჩვენ უნდა ვებრძოლოთ დაავადებას მთელ მსოფლიოში, რათა უსაფრთხოდ ვიყოთ აქ, სახლში და ასევე კარგი საქმე გავაკეთოთ სხვა ხალხების დახმარების კუთხით”, – განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, აშშ არის ქვეყანა, რომელიც 5-ჯერ უფრო მეტ ვაქცინას უნაწილებს დანარჩენ მსოფლიოს, ვიდრე სხვა ნებისმიერი სახელმწიფო.

მასალების გადაბეჭდვის წესი