ახალი ამბები

“პირველი არხის” განცხადებით, დმანისში მათ გადამღებ ჯგუფს სცემეს

17 მაისი, 2021 • 1202
“პირველი არხის” განცხადებით, დმანისში მათ გადამღებ ჯგუფს სცემეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის განცხადებით, მათ გადამღებ ჯგუფს დმანისის შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ტელეკომპანიის განცხადებით, ქალაქის შესასვლელში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” ცდილობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას. უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.

დმანისში საქართველოს მოქალაქეებს – ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელებს შორის ორი დღეა, დაპირისპირებაა. გუშინ, 16 მაისს მედიაში გავრცელდა სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩხუბობს მოქალაქეთა ორი ჯგუფი ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიასთან. მაღაზიის მფლობელის თქმით, კონფლიქტი ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების მხრიდან ლუდის “ნისიად” ყიდვის თხოვნას და მასზე უარს მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისში მიმდინარე დაპირისპირებაზე განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რათა კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი