ახალი ამბები

პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო დამძიმდა ლგბტ+ თემის მდგომარეობა — ომბუდსმენი

17 მაისი, 2021 • 1159
პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო დამძიმდა ლგბტ+ თემის მდგომარეობა — ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ჰომოფობიასა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში, ლგბტ+ თემის ხილვადობის გაზრდასთან ერთად, იმატებს თემის წარმომადგენელთა მიმართ უფლებადარღვევის ფაქტები, რასაც ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტიანი რეაგირება ახლავს თან.

“ლგბტ+ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის და ხედვის არარსებობა ახალისებს მათ მიმართ ჩადენილ უფლებადარღვევებს, მათ შორის, დისკრიმინაციულ დანაშაულებს. საგანგაშოა, რომ ლგბტ+ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავ საფრთხის ქვეშ დგას, რასაც ბოლოდროინდელი თავდასხმებიც ცხადყოფს. ლამის ყოველდღიურ ხასიათს იძენს ლგბტ+ ადამიანების უფლებებზე მომუშავე პირთა მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ოფისების დაზიანება და სხვა სამართალდარღვევები. კვლავ პრობლემურია ლგბტ+ ადამიანების ფიზიკური ხელშეუხებლობის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მიერ პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა. აქტივისტები წლებია 17 მაისს უსაფრთხოდ შეკრებისთვის საჯარო სივრცეების მოსაპოვებლად იბრძვიან. ვინაიდან სახელმწიფო ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან მათ სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს, აქტივისტებს ყოველ ჯერზე უწევთ შეკრების ადგილის, დროის და ფორმატის ცვლილება, რაც პროტესტს ძირითად არსს აცლის და რისკის ქვეშ აყენებს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას”, — ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენის შეფასებით, ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს სამართლებრივმა და პოლიტიკურმა უმოქმედობამ კიდევ უფრო დაამძიმა თემის (ისედაც მძიმე) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

“ჯანდაცვასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა, სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფა თუ სხვა საჭიროებები საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩა. შედეგად, თემის ნაწილი უსახლკარობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, ნაწილს კი ჰომოფობიურად განწყობილ ოჯახებში მოუწია დაბრუნება, რამაც ისინი ოჯახში ძალადობის საფრთხის წინაშე დააყენა”, — აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის შეფასებით, განსაკუთრებით რთულია ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა.

“სოციალურ ცხოვრებაში არსებით სიძნელეებს ქმნის კანონმდებლობის ჩანაწერი, რომელიც პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლისთვის ტრანსგენდერი ადამიანებისგან სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის გაკეთებას მოითხოვს. დასაქმებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები განსაკუთრებით მძიმედ სწორედ ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე აისახება”, — ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და თანამდებობის პირებს, ეფექტიანი პრევენციული და რეაქტიული რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებსა თუ სამართალდარღვევებზე; დაგეგმონ ღონისძიებები საზოგადოებაში თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით; გააკეთონ დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ლგბტ+ თემის მხარდამჭერი საჯარო განცხადებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი