ახალი ამბები

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი 23:00 საათამდე იმუშავებს

17 მაისი, 2021 • 1027
თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი 23:00 საათამდე იმუშავებს

დედაქალაქის მერიის განცხადებით, დღეიდან, 17 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი 23:00 საათამდე იმუშავებს.

მერიის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათის ცვლილებიდან გამომდინარე, დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცვლება.

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები, თბილისის მეტრო და მიკროავტობუსები) მგზავრებს 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე მოემსახურება.

რაც შეეხება საბაგირო გზებს, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები-უნივერსიტეტის
დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადგილების აუცილებლობას გულისხმობს.

ასევე, მერიის განცხადებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი