ახალი ამბები

საპროტესტო აქციის შემდეგ გლოვომ 50-მდე კურიერი გაათავისუფლა

16 მაისი, 2021 • 2072
საპროტესტო აქციის შემდეგ გლოვომ 50-მდე კურიერი გაათავისუფლა

კომპანია “გლოვოსთვის” დასაქმებულმა ორმა კურიერმა ნეტგაზეთს აცნობა, რომ ისინი სამსახურიდან აქციაში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს.

კურიერთა ნაწილისთვის ანგარიშის დეაქტივაციის ფაქტი დაადასტურეს კომპანიაშიც, თუმცა უარყოფენ, რომ ეს აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა.

კომპანიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დღეს დაახლოებით 50 კურიერს შეუწყდა ხელშეკრულება.

კურიერებმა აქცია დღეს, 16 მაისს გამართეს, სადაც შეცვლილ საბონუსე სისტემას, შრომითი დროის შემცირებასა და გავლილი მანძილის გამოთვლის პრინციპის შეცვლას აპროტესტებდნენ.

შეტყობინებებში, რომელთა “სქრინშოთები”, კურიერებმა ნეტგაზეთს მიაწოდეს, ნათქვამია, რომ ანგარიშის დაბლოკვა მომსახურების პირობების მე-11 მუხლის დარღვევას მოჰყვა, რაც, როგორც ნეტგაზეთმა დაადგინა, კომპანიისა და მისი პარტნიორი ობიექტების საქმიანობის ხელშეშლას გულისხმობს.

გლოვოს ყოფილი კურიერის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილი “სქრინშოთი”.

 

“გლოვერების” განცხადებით, მანამდე სანამ საკუთარი ანგარიშების დეაქტივაციის შესახებ მიიღებდნენ შეტყობინებას კომპანიისგან, მათ გაფრთხილება მიუვიდათ, რომ, მათ შორის, “პროტესტის გამოხატვისას და კომპანიის პროცედურების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე” კომპანია შეწყვეტდა მათთან ურთიერთობას.

კურიერების აქცია დღეს დილიდან, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ-ის” მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. ნეტგაზეთისთვის მიწოდებულ “სქრინშოთებიდან” ჩანს, რომ მათ გაფრთხილება დაახლოებით ხუთის ნახევარზე, ხოლო ანგარიშის დეაქტივაციის შეტყობინება კი 6 საათზე მიიღეს.

კომპანიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კურიერთა ხელშეკრულებების შეწყვეტის მიზეზი, მათ მიერ “რესტორნების დაბლოკვის ფაქტები იყო”.

“აქციაში დაახლოებით 200 ადამიანი მონაწილეობდა. აქციაში მონაწილეობა რომ ყოფილიყო მიზეზი, მაშინ ყველას შეუწყდებოდა კონტრაქტი.

ეს ადამიანები სამუშაო საათებს ირჩევდნენ, შეკვეთებს იღებდნენ და შემდეგ ბლოკავდნენ. შედეგად მომხმარებელიც გაწბილებული რჩებოდა და რესტორნებიც. პროტესტის გამოხატვას არავინ არავის არ უშლის, მაგრამ ამით სხვა არ უნდა დააზარალონ. დღეს 200-ზე მეტი შეკვეთა ჩავარდა, რასაც კომპანია ანაზღაურებს, როგორც მომხმარებელთან, ისე რესტორანთან”, – უთხრეს ნეტგაზეთს კომპანიაში.

“გლოვოს” განცხადებით, ცვლილებები მორგებულია კურიერების საჭიროებებსა და მათ უსაფრთხოებაზე.


სხვადასხვა კურიერული კომპანიებისთვის მომუშავე პირები პერიოდულად აწყობენ აქციებს.

ნეტგაზეთმა მარტის თვეში გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, თუ რა არის “გიგ ეკონომიკა” და რა შეიძლება შეცვალოს კურიერის სასამართლო დავამ.

რა არის „გიგ-ეკონომიკა“ და რა შეიძლება შეცვალოს კურიერის სასამართლო დავამ

მასალების გადაბეჭდვის წესი