ახალი ამბები

ლიბანიდან ისრაელისკენ 3 რაკეტა ისროლეს

13 მაისი, 2021 • 1138
ლიბანიდან ისრაელისკენ 3 რაკეტა ისროლეს

სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 13 მაისის საღამოს 3 რაკეტა ისროლეს. ისრაელის არმიაში ამბობენ, რომ რაკეტები ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა და რაიმე სახის ზიანი არ გამოუწვევია.

AP-ის ცნობით, რაკეტები სამხრეთ ლიბანში მდებარე პატარა სოფლის, ალ-კალილას ტერიტორიიდან გაისროლეს. სოფელი ისრაელის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

სამხრეთ ლიბანში წარმოდგენილია როგორც ისლამისტური ორგანიზაცია “ჰეზბოლა”, ისე პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფებები.

ჯერ დაუზუსტებელია, ვინ არის პასუხისმგებელი ხსენებულ ქმედებაზე. “ჰეზბოლასთან” დაახლოებულმა ორმა წყარომ გამოცემა France Press-თან საუბრისას გამორიცხა ორგანიზაციის მონაწილეობა თავდასხმაში.

მეორე მხრივ, გავლენიანი ლიბანური გაზეთი “ალ-ნაჰარი” პალესტინურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდარის უკან ადგილზე მოქმედი პალესტინური დაჯგუფებები დგანან.

ამავე გაზეთის თანახმად, ლიბანის ჯარი რაკეტის გამშვებ მოწყობილობებს ეძებს სოფელ ალ-კალილას მიმდებარედ, სამეურნეო მიწებზე და იქვე მდებარე ლტოლვილთა ბანაკის სიახლოვეს. ლიბანის მთავრობა ამ ეტაპზე არაფერს ამბობს.

ისრაელსა და “ჰამასს”, ასევე ღაზის სექტორში მოქმედ სხვა პალესტინურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი ორშაბათს, 10 მაისს დაიწყო, რასაც წინ უძღოდა მძიმე შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის იერუსალიმში, მუსლიმთათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ალ-აკსას მეჩეთთან. ამის შემდეგ ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები დაიწყო, ისრაელმა კი ღაზაზე — საჰაერო დარტყმები.

მსხვერპლის რაოდენობა ორივე მხარეს იზრდება, ისრაელის ქალაქებში კი მწვავდება ძალადობა ებრაელებსა და არაბებს შორის.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, დაღუპულია 87 პალესტინელი, რომელთაგან 18 ბავშვია, 8 კი — ქალი. ისრაელში დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის ქალები, ბავშვი და მოზარდი.

გარეკნის ფოტო: არქივიდან 

ვრცლად:

“ვმხიარულობდით, როდესაც უცებ დაბომბვა დაიწყეს” — ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლი არ წყდება

მასალების გადაბეჭდვის წესი