ახალი ამბები

სამადაშვილი, შავგულიძე და ახვლედიანი „ლელოს“ ფრაქციას შეუერთდნენ

13 მაისი, 2021 • 1670
სამადაშვილი, შავგულიძე და ახვლედიანი „ლელოს“ ფრაქციას შეუერთდნენ

სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე  პარტია „ლელოს“ ფრაქციას შეუერთდნენ. ამის შესახებ მათ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ფრაქციას ერქმევა „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“. მისი თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე- სალომე სამადაშვილი.

„ლელოში“ აცხადებენ, რომ ფრაქციაში დეპუტატების მატებას ელოდებიან. როგორც ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, ფრაქციაში შემოერთებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ ჰქონია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებთან, რომელსაც ამ დროისთვის პარლამენტში 3 დეპუტატი ჰყავს.

ამასთანვე, ნეტგაზეთის კითხვაზე, შეუერთდება თუ არა ფრაქციას გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე, ჯაფარიძე პასუხობს, რომ ჯერ ასეთი შემოთავაზება არ ყოფილა.

 

„ვფიქრობ, ყველას გვესმის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენ უკან უნდა დავტოვოთ ის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც ქვეყანას წაართვა განვითარების შანსი და ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ. შემდეგ კი ვადამდელი არჩევნების გზით ერთხელ და საბოლოოდ დავემშვიდობოთ ოლიგარქიულ რეჟიმს“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზისა და საქართველოს ევროანტლანტიკური გზის გასაძლიერებლად მან და სხვა დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება შეუერთდნენ ფრაქციას.

„ფრაქციის მთავარი დღის წესრიგი იქნება ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე პარლამენტის გარეთ, შესაბამისად მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენ არ მივცეთ შანსი „ქართულ ოცნებას“ უკან დაიხიოს რომელიმე ვალდებულებისგან, რომელიც მან აიღო შარლ მიშელის შეთანხმებული დოკუმენტის სახით“, – განმარტა სამადაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი