ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თამბაქოს კონტრაბანდა სამხრეთ ოსეთის მაღალჩინოსნების მონაწილეობით

12 მაისი, 2021 • 1424
თამბაქოს კონტრაბანდა სამხრეთ ოსეთის მაღალჩინოსნების მონაწილეობით

ავტორი: მურატ გუკემუხოვი


კრემლის მიერ ინსპირირებული სკანდალი პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს არც ისე სახარბიელო პოლიტიკურ დასასრულს უმზადებს.

მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ნახევრად ოფიციალურად ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ამ რესპუბლიკის ხელისუფლება ჩართულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ საქმიანობაში.

კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას წინ უძღოდა რამდენიმე მოვლენა.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების კურირება სასაზღვრო თანამშრომლობის სამმართველოდან [რომელსაც ალექსერი ფილატოვი ხელმძღვანელობს] გადაეცა საზღვარგარეთის ქვეყნების რეგიონთაშორის და კულტურული კავშირების სამმართველოს. [ხელმძღვანელი იგორ მასლოვი].  იგორ მასლოვი 60 წლისაა და რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) პოლკოვნიკია. აღნიშნულ პოსტზე დანიშვნამდე ამავე უწყების ხელმძღვანელის მოადგილე იყო, რომელიც მოლდოვის მიმართულებას კურირებდა.

იგორ მასლოვის მოადგილედ კი დანიშნეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს გენერალ- ლეიტენანტი ვიქტორ შარგაევი. ეს ის შარგაევია, რომელიც 2014 წლის აპრილიდან 2017 წლის ივლისამდე სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის [КГБ] ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. სავარაუდოდ, მოსკოვში მიიჩნევენ, რომ არ არსებობს უფრო მეტად ინფორმირებული ადამიანი სამხრეთ ოსეთში მიმდინარე შიდა ამბებზე, როგორც ის.  

საკითხებს შორის, რომელსაც შარგაევი 2014-2017 წლებში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კურირებდა, იყო კრემლის “პროექტი”, სახელწოდებით “ბიბილოვი”. პროექტის მიზანი იყო, დახმარებოდა ანატოლი ბიბილოვსა და მის პარტია “ერთიან ოსეთს”, გაემარჯვა 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შემდეგ კი, საპრეზიდენტო არჩევნებზე 2017 წელს. 

2011 წლიდან მოსკოვი ბიბილოვს განიხილავდა ედუარდ კოკოითის მთავარ მეტოქედ, რომელსაც არ უნდა დაეშვა ექს-პრეზიდენტის დაბრუნება სამხრეთ ოსეთის პოლიტიკაში. 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ანატოლი ბიბილოვი დამარცხდა, თუმცა მისი კურატორები მოსკოვში მასზე იმედებს კვლავაც ამყარებდნენ. 

ბუნებრივია, მოსკოვის მხარდაჭერით, 2017 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიბილოვის გამარჯვების შემდეგ, ვიქტორ შარგაევს პრეტენზიაც ჰქონდა, გავლენები მოეპოვებინა სამხრეთ ოსეთში. წყაროები ჰყვებიან, რომ  საკუთარ კანდიდატებსაც სთავაზობდა ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე.

ანატოლი ბიბილოვი კი უმადური “კლიენტი” აღმოჩნდა –  ინაგურაციიდან მალევე, 2017 წლის ივლისში, მან შარგაევი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

პრინციპში, ჩვეულებრივი ამბავია – პირველ რიგში, იშორებენ თავიდან მათ, ვისაც უნდა უმადლოდნენ საკუთარ წარმატებას.

შემდეგი ოთხი წელიწადი შარგაევის შესახებ ცნობილი არაფერი იყო, თუმცა კურატორის მიერ დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე, პრესამ კვლავ გაიხსენა. გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელიც ამხელდა სამხრეთ ოსეთის უმაღლეს ხელისუფლებას. თავისი შინაარსით ეს იყო სპეცსამსახურების ოპერატიული მუშაობის შედეგების გახსენება. 

სკანდალური პუბლიკაციის შემდეგ ვიქტორ შარგაევის დანიშვნაზე გავრცელებულმა ამბავმა მხოლოდ გაუმყარა ექსპერტებს აზრი მათი ვერსიის სარწმუნოებაზე. გენერალმა საზოგადოებას საკუთარი თავი გაახსენა, როგორც ადამიანმა, რომელიც კარგად იყო ინფორმირებული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის ბნელი მხარეების შესახებ და წყენასაც არ პატიობდა.

საუბარია სტატიაზე, სახელწოდებით “სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორის  “სიგარეტული” კონტრაბასი”, რომელიც 18 მარტს ტელეგრამ არხზე [“აფხაზია ცენტრი” -«Абхазия-центр»] ვინმე ალან ვალიევის ხელმოწერით გამოქვეყნდა.  

პუბლიკაცია უფრო მეტად ეხებოდა სპეცსმსახურების ოპერატიული მუშაობის შედეგებს, სადაც დეტალურად იყო აღწერილი კონტრაბანდის ტრაფიკის სქემა 2015-2017 წლებში, ლეონიდ თიბილოვისა და ანატოლი ბიბილოვის პრეზიდენტობის დროს – მესამე ქვეყნებიდან  [ძირითადად, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და სომხეთიდან] სამხრეთ ოსეთში, შემდეგ კი –  რუსეთში. 

სამი წლის განმავლობაში თამბაქოს პროდუქციიდან მიღებულმა შემოსავლებმა სამხრეთ ოსეთის კომპანიების, რომლებიც მონაწილეობდნენ კონტრაბანდის სქემაში, 658 მილიონი რუსული რუბლი [დაახლოებით, 8 მილიონი ევრო] და 6,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ფულის ტრანზაქციები ხდებოდა სამხრეთ ოსეთის ეროვნული ბანკის მეშვეობით. პუბლიკაციაში მითითებულია კონტრაბანდის მონაწილე კომპანიების დეტალური ნუსხა და ტრანზაქციები კონკრეტული თარიღებით.

მასალაში მოყვანილია, ასევე, საიდუმლო მოლაპარაკებების შინაარსიც კონტრაბანდისტებსა და მაშინდელ გენერალურ პროკურორს, ურუზმაგ ჯაგაევს შორის – რა პირობებს აყენებდნენ, რაზე შეთანხმდნენ და როგორ ინაწილებდნენ შემოსავალს.

“სიგარეტის  ჩრდილოვანი ბაზრის მონოპოლისტი ანზორ ჯუკაევი [ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან] პროდუქციის ღირებულების 3%-ს უხდიდა სამხრეთ საბაჟო კომიტეტს, შემოსავლების კომიტეტსა და აუდიტის სამსახურს. ჩართული ფირმების მფლობელები ასევე უხდიდნენ ყოველთვიურ გადასახადებს უშუალოდ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ თიბილოვს, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის შუამავლობით”. 

პუბლიკაციაში დაწვრილებით არის აღწერილი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მონაწილეობდა ამ სისტემაში ურუზმაგ ჯაგაევი, რომელიც 2016 წელს, მისი წინამორბედის, მერაბ ჩიგოევის გარდაცვალების შემდეგ გენპროკურორად დანიშნეს. 

“ურუზმაგ ჯაგაევი მაშინვე შეუდგა სიგარეტის კონტრაბანდის სქემის კონტროლს. გენერალურმა პროკურორმა მოითხოვა პროდუქციის ღირებულების 10%-იანი წილი. საბოლოოდ, შეთანხმდნენ ყოველთვიურ 3%-ზე, რაც 15 მილიონი რუსული რუბლია”. 

ბიბილოვის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კონტრაბანდის სქემის მონაწილეები ცდილობდენ პრეზიდენტთან შეხვედრას, რათა სამომავლო ტრაფიკის ბედი განეხილათ, თუმცა ანატოლი ბიბილოვმა შეხვედრა არ მოისურვა და ეს საქმე მთლიანად გენერალურ პროკურორს დაავალა, რომელიც იმ დროისთვის კონტრაბანდის თანხების მთავარი გამნაწილებელი იყო. 

საქმე ამით არ შემოიფარგლება. სკანდალის მეორე აქტი მოსკოვმა აპრილის ბოლოს მოაწყო. 28 აპრილს ოპოზიციონერი დეპუტატები, გარი მულდაროვი და ჯამბოლატ მედოევი, საპარლამენტო სესიაზე მოსკოვში სამუშაო ვიზიტის შესაჯამებლად სპეციალური ანგარიშით წარდგნენ. 

დეპუტატებმა კოლეგებს შეატყობინეს, რომ შეხვდნენ ფედერალური საბაჟო სამსახურის თამანმშრომლებს, ასევე, “სხვა კომპეტენტური სტრუქტურების” წარმომადგენლებს, რომლებმაც სამხრეთ ოსეთში თამბაქოს ნაწარმის გიგანტური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.  

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსკოვი ოპოზიციონერებს იყენებს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლის ინსტრუმენტად. ზოგჯერ მათ ასწავლიან კიდეც, როგორ უნდა მოიქცნენ და კონკრეტულ დავალებებსაც აძლევენ.

შესაბამისად, არავის გაკვირვებია, რომ რიგითი ოსი დეპუტატები მოსკოვში რანგის შეუსაბამოდ მიიღეს და “კომპეტენტურმა ორგანოებმა” მათთვის რატომღაც საიდუმლო ინფორმაციის გაზიარება გადაწყვიტეს.

დეპუტატებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მხოლოდ 2019 წელს სამხრეთ ოსეთში 98 საზღვაო კონტეინერიდან შემოვიდა სიგარეტი, ძირითადად, ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან. სიგარეტი თვითმფრინავებითაც შედიოდა სომხეთიდან. 2018-2019 წლებში, ყოველთვიურად, ადლერის აეროპორტში მოფრინავდა ბორტი სიგარეტით, რომელიც სამხრეთ ოსეთში იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, კონკრეტულ მისამართებე ნაწილდებოდა – მთლიანობაში, 300 ტონა სიგარეტი.

დეპუტატების ანგარიშში “ვინმე ბიბილოვის” გვარიც იყო მოხსენებული. 

“ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთში სიგარეტის შემოტანაზე სომხური საწარმოების დირექტორებთან შუამავლის როლს ასრულებდა ვინმე ბიბილოვი. განსაკუთრებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ზემოთ ხსნებული ფაქტი გამყარებულია შესაბამისი მასალებით, რომლებიც გაგვაცნეს კანონის ფარგლებში”, – განაცხადა გარი მულდაროვმა. 

გარი მულდაროვის ანგარიშით აღელვებულმა დეპუტატებმა პარლამენტს შესთავაზეს სპეციალური კომისიის შექმნაც, რომელიც დაკავებული იქნება წარმოდგენილი ფაქტების გამოძიებით. პარლამენტის თავმჯდომარემ, ალან ტათდაევმა შესაბამისი განკარგულებებიც გასცა. კომისია მაისის დღესასწაულების შემდეგ უნდა შეიქმნას. 

9 მაისს პრეზიდენტის საინფორმაციო რესურსით [«Чреба-Медиа»] გავრცელდა 20- წუთიანი ვიდეორგოლი, რომელშიც დეპუტატების ანგარიში წარმოდგენილი იყო როგორც ცილისმწამებლური კამპანია პრეზიდენტ ბიბილოვის წინააღმდეგ, რომლის უკან დასავლეთი და ედუარდ კოკოითი დგანან. 

ამავე ვიდეორგოლში საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელი მურატ ცხოვრებოვი აცხადებს, რომ 2017 წლიდან დღემდე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ლეგალურად შესულია თამბაქოს ნაწარმის 207 პარტია, რომლიდანაც ბიუჯეტში გადასახადის სახით 520 მილიონ 641 რუბლი შევიდა.

ეს კი ნამდვილად ასეა. კონტრაბანდა ხორციელდება არა შემოტანის დროს, არამედ მისი რუსეთში გატანის დროს. ამასთან, ცხოვრებოვმა თავისდაუნებურად დაადასტურა მულდაროვის ანგარიშის საფუძვლიანობა და კონტრაბანდის მიახლოებითი რაოდენობაც განსაზღვრა. 

აქციზები და მსგავსი გადასახადები ერთ კოლოფ სიგარეტზე ექვს რუბლზე ცოტა მეტი ჯდება. მარტივი გამოთვლებით, გამოდის, რომ 4 წლის განმავლობაში რესპუბლიკაში 85 მილიონი კოლოფი შემოიტანეს. 

სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზის თანამშრომელთა გათვალისწინებით, 12-14 ათასი მწეველია. თუ ერთ მწეველზე დღეში საშუალოდ ერთ კოლოფ სიგარეტს ვიანგარიშებთ, წელიწადში 5 მილიონი და 4 წელიწადში 20 მილიონი კოლოფი სიგარეტია საჭირო. კონტრაბანდის გზით კი 65 მილიონზე მეტი კოლოფია შემოტანილი შემდგომში რუსეთში გასატანად. დაახლოებითი შემოსავალი ოთხი წლის განმავლობაში 1 მილიარდ 300 მილიონი რუბლია [დაახლოებით, 15 მილიონი ევრო], რომელიც ჩინოვნიკებს შორის ნაწილდებოდა.

ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, ჩინოვნიკები კონტრაბანდით მას შემდეგ დაინტერესდნენ, როდესაც 2012 წელს მოსკოვის მხრიდან ფინანსური კონტროლი გამკაცრდა და ომის შემდეგ ინფრასტრუქტურის აღდგენის აქტიური ფაზა დასრულდა, რის გამოც რუსეთიდან ფულადი ნაკადი და, შესაბამისად, ჩინოვნიკების ჩრდილოვანი შემოსავლები შემცირდა. 

გარე დამკვირვებლებისთვის ეს ისტორია გარკვეულწილად ჰგავს რუსეთის მიერ საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად სამაგალითო ბრძოლას, თუმცა ასეთი გამჭვირვალე ვერსიის დაჯერება შეუძლებელია. ინფორმაციიდან, რომელმაცც რუსი სპეცსამხურებიდან “გამოჟონა”, ვხვდებით,  რომ კონტრანბანდა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, მისი ყველა ფიგურანტი რუსეთისთვის ცნობილია და არანაირი ზომა დანაშაულის შესაჩერებლად რუსი ძალოვნების მიერ არ გატარებულა.

ამასთან, სრულიად გასაგებია, რომ მთელი ეს კონტრაბანდა ერთადერთი გამშვები საბაჟო პუნქტიდან [“ქვემო ზარამაგი”] გადიოდა.

იმ წლებში ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს ხელმძღვანელობდა პოლკოვნიკი ოლეგ ტროცკო, რომელიც დააწინაურეს [დაღესტნის საბაჟოს უფროსი]. არც მის და არც სხვა  თანამშრომლების მიმართ პრეტენზიები არავის აქვს. 

შესაბამისად, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ დანაშაული მხოლოდ საბაბია სკანდალისა და ბიბილოვზე ზეწოლისა. რატომ?

კრემლის საექსპერტო საზოგადოება ამ კითხვას ცალსახად ვერ პასუხობს. პრობლემა, მათი თქმით, ის არის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე გადაწყვეტილებები უკიდურესად დახურულ კარს მიღმა მიიღება. 

ამიტომ მხოლოდ აშკარა ფაქტებს უნდა დავეყრდნოთ – ბიბილოვმა კრემლს იმედი გაუცრუა. ის საკმაოდ ამოვარდნილია სახელმწიფო მოხელის, ჩინოვნიკის ხატიდან. ის უმართავი და არაპნოგროზირებადია. არ აქცევს ყურადღებას ფორმალურ მექანიზმებს და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების დემონტრირებითაა დაკავებული. შედეგად, საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში არაერთი პოლიტიკური კრიზისი შექმნა. 

კითხვა რომელიც ღიად რჩება: ეს დიდაქტიკური ღონისძიებაა ბიბილოვისთვის ჭკუის სასწავლებლად, თუ 2011 წელს კრემლის მიერ დაწყებული  “ბიბილოვის პროექტის” წარუმატებელი დასასრული.

სწორედ ეს საკითხი აწუხებს ყველაზე მეტად სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 11 თვეში გაიმართება.

ადგილობრივი საზოგადოება, როგორც ჩანს, ძალიან დაღლილია ბიბილოვის პროექტით და შიშისა და იმედის განცდით კრემლის სიგნალებს იჭერს და ცდილობს, გამოიცნოს მოსკოვის გეგმები სამხრეთ ოსეთის მომავალზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი