ნეტგაზეთი | „კომენდანტის დარღვევისთვის დამაჯარიმეს, თუმცა, იმ ადგილას და იმ დროს სახლში ვიყავი“ „კომენდანტის დარღვევისთვის დამაჯარიმეს, თუმცა, იმ ადგილას და იმ დროს სახლში ვიყავი“ – Netgazeti
RU | GE  

„კომენდანტის დარღვევისთვის დამაჯარიმეს, თუმცა, იმ ადგილას და იმ დროს სახლში ვიყავი“

სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა “კომენდანტის საათის” დარღვევისთვის დააჯარიმეს. თუმცა, 28 აპრილს, იმ დროს, რომელზეც ჯარიმაა გამოწერილი, სახლში იმყოფებოდა.

საჯარიმო ფურცელსა და დანართზე, რომელსაც აქტივისტი ავრცელებს, წერია, რომ საჯარიმო ელექტრონული ოქმი 7 მაისს დაწერეს და  28 აპრილის მოვლენებს ეხება.

აქვე აღნიშნულია ისიც, რომ ცაბუნია ვართაგვა ამ დღეს, 22:20 საათზე ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე იმყოფებოდა, თუმცა ქალი ამბობს, რომ ამ დღეს სახლში იყო.

საჯარიმო ქვითრის დანართი. ფოტო: ცაბუნია ვართაგავა

როგორც ცაბუნია ვართაგავა ნეტგაზეთს უყვება, ამ ადგილას და ამ დღეს მისი მეგობარი დემონსტრაციულად არღვევდა კომენდანტის საათს, ინსპექტორმა კი ჩათვალა, რომ ისიც მასთან ერთად იქნებოდა, რადგან მანამდეც ერთად დაუგეგმავთ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობა. რეალურად კი, პოლიციელი მას ვერ დაინახავდა, ვინაიდან იმ დროს ცაბუნია სახლში იყო.

„ყოველდღე 6 საათზე ვამთავრებ სამსახურს, 7-ზე კი უკვე სახლში ვარ. როგორც ჩანს, ინსპექტორს დიდი წარმოსახვის უნარი ჰქონდა და ვერ წარმოიდგინა, რომ ჩემი მეგობარი ჩემ გარეშე იქნებოდა იქ.

ვუკავშირებ ჩემს აქტივიზმს, მინიმუმ იმიტომ, რომ ვეგონე, რომ რაკი ჩემ მეგობარი იქ იყო, რომელთან ერთადაც ვარ ხოლმე, იქ ვიქნებოდი მეც. ან შეიძლება ჩემთვის დისკომფორტის შექმნის მიზნისთვისაც ყოფილიყო…“, — გვიყვება ის და დასძენს, რომ იურიდიული კონსულტაციის შემდეგ უახლოეს დღეებში ჯარიმას გაასაჩივრებს.

ნეტგაზეთმა ამ საკითხზე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან