ახალი ამბებისამართალი

ნარკოტიკების გასაღებაზე სასჯელი მკაცრდება

11 მაისი, 2021 • 2051
ნარკოტიკების გასაღებაზე სასჯელი მკაცრდება

ნაკლებად მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაულზე ამნისტიის გამოცხადების შემდეგ, ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისთვის სასჯელი მნიშვნელოვნად მკაცრდება.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, მთავრობამ მხარი დაუჭირა და განსახილველად საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება.

შსს-ს თანახმად, ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დღეს მოქმედი სანქცია სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელი ფუნქციის შესრულებას, ნარკოტიკული საშუალების გასაღებით მიღებული მნიშვნელოვანი ფულადი სარგებელი უმეტესად ხელს უწყობს ახალი დანაშაულის ჩადენას და ამ სფეროში არაერთი პირის ჩართვასაც.

წარდგენილი კანონპროექტით:

  • ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ოდენობა 6-დან 10 წლამდე გაიზრდება;
  • 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ის პირი, ვინც დიდი ოდენობით გაასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას;
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დღეს მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული სასჯელი — 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა — 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთამდე გაიზრდება.

შსს-ს თანახმად, შემუშავებული ცვლილებების პროექტით, ასევე, მკაცრდება სანქციები ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი