ახალი ამბები

მადრიდში მაღაზიის ძარცვაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეა – მედია

11 მაისი, 2021 • 1119
მადრიდში მაღაზიის ძარცვაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეა – მედია

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დააკავეს იუველირული მაღაზიის, L’Ermitage-ის ძარცვაში ბრალდებული პირი, 30 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც აქამდეც იყო დაკავებული მსგავსი ბრალდებებით, იტყობინება ადგილობრივი გამოცემა „ეუროპა პრესს“.

პოლიცია მიიჩნევს, რომ იგი მარტო მოქმედებდა, თუმცა აპირებს შეამოწმოს ვიდეოკამერები, რათა ამაში დარწმუნდეს.

გამოცემის ცნობით, ბრალდებული მაღაზიაში ყვავილებით შევიდა და თანამშრომელს მეუღლისთვის საჩუქრის არჩევაში სთხოვა დახმარება. შემდეგ ჩანთიდან ჩაქუჩი და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, რომელიც თანამშრომლებს დაუმიზნა.

თანამშრომლებმა მოასწრეს განგაშის ღილაკზე დაჭერა და მალევე ადგილზე პოლიციაც მივიდა. სამართალდამცავების დანახვის შემდეგ, წერს გამოცემა, ბრალდებულმა თანამშრომელი მძევლად აიყვანა, იარაღი კი პოლიციელს დაუმიზნა, რომელმაც თავის მხრივ ორჯერ ისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან ერთად, სამართალდამცავების განცხადებით, ბრალდებული ნამდვილ ცეცხლსასროლ იარაღს არ იყენებდა. ამჟამად იგი უკვე დაკავებულია.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი