ახალი ამბები

ჯანმომ კორონავირუსის ინდურ ვარიანტს გლობალური შეშფოთების კლასიფიკაცია მიანიჭა

11 მაისი, 2021 • 1251
ჯანმომ კორონავირუსის ინდურ ვარიანტს გლობალური შეშფოთების კლასიფიკაცია მიანიჭა

10 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის ერთ-ერთ მუტაციას, რომელიც პირველად ინდოეთში გამოავლინეს და  “ინდური ვარიანტის” სახელითაა ცნობილი, “გლობალური შეშფოთების” კლასიფიკაცია მიანიჭა.

B.1.617, იგივე “ინდური ვარიანტი”, გახდა მეოთხე მუტაცია, რომელსაც ეს კლასიფიკაცია მიენიჭა. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ის მოითხოვს გაძლიერებულ დაკვირვებასა და გამოკვლევებს, რადგან პოტენციურად უფრო მაღალ საფრთხეს ქმნის, ვიდრე ვირუსის სხვა მუტაციები.

გარდა ინდურისა, აღნიშნულ კლასიფიკაციას ატარებს კორონავირუსის ბრიტანული, სამხრეთაფრიკული და ბრაზილიური ვარიანტები.

“ჩვენ ამ ვარიანტს მივანიჭეთ მსოფლიო დონეზე შეშფოთების კლასიფიკაცია. არსებობს ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გაზრდილია გადადების მაჩვენებელი”, — განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერკჰოვიმ.

ინდოეთში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ქვეყანაში საწოლების, ჟანგბადისა და სასუნთქი აპარატების დეფიციტია, რის გამოც ბევრი მოქალაქე ქუჩაში ან საკუთარ სახლში იღუპება.

ინდოეთში კორონავირუსის 23 მილიონამდე შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 250 ათასზე მეტი ადამიანი. ბოლო 10 დღეა, დღეში 400 ათასამდე ახალ შემთხვევას აღრიცხავენ, 4 ათასამდე ადამიანი კი იღუპება. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ რეალური მონაცემები ოფიციალურს ბევრად აღემატება, რადგან ინდოეთში, განსაკუთრებით კი ღარიბ რეგიონებში, ვირუსზე ტესტირება და სიკვდილის აღრიცხვა უკიდურესად გართულებულია.

ექსპერტთა მოსაზრებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება დიდ რელიგიურ და პოლიტიკურ თავშეყრებს უკავშირდება. ვირუსის გავრცელებას ხელი სიღარიბემ და მჭიდროდ განსახლებამაც შეუწყო.

საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა კორონავირუსის ინდური ვარიანტის გავრცელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი