ახალი ამბები

ბაიდენმა “ბუქარესტის ცხრიანის” სამიტზე აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს გაძლიერებაზე ისაუბრა

11 მაისი, 2021 • 753
ბაიდენმა “ბუქარესტის ცხრიანის” სამიტზე აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს გაძლიერებაზე ისაუბრა

ნატოს წევრი აღმოსავლეთევროპული ქვეყნების სამიტს — “ბუქარესტის ცხრიანს” — დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც, წინამორბედისგან განსხვავებით, ნატოს გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება, განსაკუთრებით კი, ცენტრალურ ევროპაში, ასევე ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში.

“ბუქარესტის ცხრიანის” ონლაინ სამიტს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი მასპინძლობდნენ

თეთრი სახლის პრესსამსახურის გავრცელებული განცხადების თანახმად, “პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოთქვა აშშ-ის უფრო ახლო თანამშრომლობის სურვილი აშშ-ის 9 პარტნიორთან ცენტრალურ ევროპაში, ასევე, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, რომლებიც სავსეა გამოწვევების სრული სპექტრით, მათ შორისაა გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების საკითხი, კლიმატის ცვლილება, ენერგოუსაფრთხოება და გლობალური ეკონომიკის აღდგენა”.

თეთრი სახლის ცნობითვე, ბაიდენმა სამიტზე გამოხატა მხარდაჭერა ნატოს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკისადმი, ასევე, ხაზი გაუსვა მოკავშირეების მიერ სტრატეგიული მეტოქეების მავნე პოლიტიკური და ეკონომიკური მოქმედებების წინააღმდეგ მედეგობის ზრდის მნიშვნელობას.

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, ნატოს წევრი აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოები ალიანსის უფრო დიდ წარმომადგენლობას ისურვებდნენ აღმოსავლეთ ფლანგზე.

“როგორც მოკავშირეებმა აღმოსავლეთ ფლანგზე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შეკავებისა და თავდაცვის კონსოლიდაციის პოლიტიკა. ჩვენ მოწმენი გავხდით შემაშფოთებელი რუსული სამხედრო მობილიზაციის ჩვენს ახლო სამეზობლოში, შავ ზღვასა და უკრაინაში”, — განაცხადა იოჰანისსმა.

“ეს არის, რატომაც მქონდა დისკუსია, მათ შორის, პრეზიდენტ ბაიდენთან, რომ გაიზარდოს მოკავშირეთა სამხედრო წარმომადგენლობა რუმინეთსა და აღმოსავლეთ ფლანგის სამხრეთში”, — მიმართა სამიტზე დამსწრეებს რუმინეთის პრეზიდენტმა.

ონლაინ სამიტს ესწრებოდა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც. როგორც Reuters იუწყება, ის საჯაროდ არ გამოეხმაურა აღმოსავლეთ ევროპაში გაზრდილი სამხედრო წარმომადგენლობის შესახებ მოწოდებას, თუმცა მისასალმებელ სიტყვაში ახსენა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მონაწილეობა აჩვენებს “ამერიკის სურვილს, აღადგინოს ალიანსები და გააძლიეროს ნატო”.


უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირების პარალელურად, აპრილის თვეში რუსეთის შავი და კასპიის ზღვების ფლოტებმა სამხედრო წვრთნები დაიწყეს შავ ზღვაშიც.

გარდა ამისა, დაიწყო რუსული სამხედრო წვრთნები და მობილიზაცია ვორონეჟის ოლქსა და ანექსირებული ყირიმში.

ოფიციალური კიევის განცხადებით, რუსეთის მოქმედებები საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას. კრიზისის დროს ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა, მათ შორის ჯო ბაიდენმაც, ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას.

მასალების გადაბეჭდვის წესი