ახალი ამბები

პოლონეთი აპირებს საქართველოსთვის ვაქცინების მიწოდების კოორდინირებას — Süddeutsche Zeitung

11 მაისი, 2021 • 1463
პოლონეთი აპირებს საქართველოსთვის ვაქცინების მიწოდების კოორდინირებას — Süddeutsche Zeitung

გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ის ცნობით, პოლონეთი ემზადება, თავის თავზე აიღოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდების კოორდინაცია.

კორონავირუსის პანდემია იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი პორტუს სოციალურ სამიტზე, რომელიც 7-8 მაისს გაიმართა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლეიენმა სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირმა 200 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა მიიღო და თითქმის 160 მილიონი ევროპელი აცრილია კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზით.

Süddeutsche Zeitung-ის ცნობით, ევროკავშირს სურს გააქარწყლოს მოსაზრება, რომ ის არ ეხმარება ღარიბ ქვეყნებს ვაქცინაციის პროცესში. ურსულა ვინ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირმა არა მარტო დიდწილად დააფინანსა “კოვაქს პლატფორმა”, არამედ გაანაწილა ვაქცინები. თუმცა კომისია შეშფოთებულია, რომ “კოვაქს პლატფორმა” თავის ამოცანებს ზუსტად არ ასრულებს. ამ დროისთვის ამ პლატფორმამ 122 ქვეყანას მიაწოდა მხოლოდ 60 მილიონი ვაქცინა. 2021 წლისთვის ეს რიცხვი 2 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს, თუმცა ინდოეთის “სერუმის ინსტიტუტს” მარტის შემდეგ “კოვაქს პლატფორმისთვის” ვაქცინა არ მიუწოდებია.

გამოცემის ცნობით, ზოგიერთი დედაქალაქი განიხილავს შეძლებლობას, მეტი ვაქცინა გადასცეს უფრო ღარიბ ქვეყნებს “კოვაქს პლატფორმის” საშუალებით.  მაგალითად, ავსტრია კოორდინაციას უწევს, რომ “ფაიზერის” ვაქცინის 650,000 დოზა აგვისტოსთვის მიიღონ ბოსნია-ჰერცოგოვინამ, ალბანეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, კოსოვომ, მონტენეგრომ და სერბეთმა. თავად ევროკომისიას არ აქვს არცერთი ცალი ვაქცინა. ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ ევროკავშირის მეტი ქვეყანა იქნება მზად, მიაწოდოს ვაქცინა “კოვაქს პლატფორმას”. აპრილის ბოლოს საფრანგეთმა 105 000 დოზა ვაქცინა გადასცა მავრიტანიას, ივნისის შუა რიცხვებისთვის ეს რაოდენობა ნახევარ მილიონამდე უნდა გაიზარდოს. იგივე გეგმები აქვთ ესპანეთს, პორტუგალიას, შვედეთსა და დანიას. პორტუში ევროკომისიის პრეზიდენტმა შეაქო რუმინეთი, რომელიც მოლდოვას ეხმარება.

პოლონეთი ემზადება, რომ თავის თავზე აიღოს კოორდინატორის როლი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.

“ათობით მილიონობით ვაქცინა უნდა გაიგზავნოს უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და ბელორუსიაში”, — წერს გერმანული გამოცემა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საქართველო რამდენიმე თვეა პოლონეთთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ეს სამუშაო პროცესია და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროკავშირის პლატფორმებთან იმისთვის, რომ ვაქცინების გაზიარების მექანიზმი უფრო აქტიურად როდესაც ამოქმედდება, მივიღოთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა. რამდენიმე ქვეყანასთან იყო გარკვეული შეთანხმება “ასტრაზენეკას” გაზიარებასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით ეს პროცესი ჩვენთვის ვაქცინის მიღებით არ დასრულებულა. მიმდინარე პროცესია და ვნახოთ, თუ იქნება რაღაც დოზების მოპოვების შესაძლებლობა, ჩვენ ამ მექანიზმში მონაწილეობა დაწყებული გვაქვს”, — ამბობს თამარ გაბუნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი