ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი მოსახლეობას “ძლიერ სომხეთს” ჰპირდება

10 მაისი, 2021 • 1072
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი მოსახლეობას “ძლიერ სომხეთს” ჰპირდება

ფაშინიანის მთავრობის ოპოზიციაში მყოფმა სომხეთის მეორე პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა პარტია “დაშნაკციუტიუნთან” და “აღორძინებულ სომხეთთან” 20 ივნისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული ბლოკის სახით მონაწილეობაზე დეკლარაციას ხელი მოაწერა. ბლოკს, რომელსაც ქოჩარიანი უხელმძღვანელებს, “სომხეთი” ჰქვია, რომლის ლოზუნგია “ძლიერი სომხეთისკენ”.

ქოჩარიანი აცხადებს, რომ ქვეყანა სამი პრობლემის წინაშე დგას, რომელიც ფაშინიანის მთავრობის პირობებში ვერ მოგვარდება.

“პირველ რიგში, სომხეთი აღარ არის უსაფრთხო ქვეყანა, სიუნიკის საზღვრები დაუცველია. სომხეთი გახდა ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად დაიცვას მოსახლეობა და მისი საზღვრები. დღეს ჩვენ  გვყავს ხელისუფლება, რომელიც თანმიმდევრულად ანადგურებს არმიას და მის აღსადგენად არაფერს აკეთებს. ჩვენი მიზანია ღირსეული მშვიდობის დამყარება, რისი გაკეთებაც არ შეუძლია ხელისუფლებას, რომელიც დამარცხებულის, დამცირებულის, სირცხვილის, სიკვდილისა და მსხვერპლის სახეა.  ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება და მზად ვართ ამისთვის”.

მეორე პრობლემად ექს-პრეზიდენტი ასახელებს ყარაბაღის საკითხს.

“ყარბაღს ბუნდოვანი მომავალი აქვს. 4,5 წელში შესაძლოა აზერბაიჯანმა უარი თქვას რუს სამშვიდობოებზე. და რას აპირებს მერე ეს ხელისუფლება? მზად არიან მსგავსი სცენარისთვის? ხელისუფლება, რომელიც დამარცხდა, ვერ იქნება ეფექტური მომლაპარაკებელი. ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ძალები, რომლებიც პროფესიონალურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ყარაბაღის სასარგებლოდ. ამის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია”.

მესამე პრობლემად ქოჩარიანი ასახელებს სომხეთის ეკონომიკას და საგარეო ვალებს.

“ისინი არა მხოლოდ ომში დამარცხდნენ, ჩავარდნებია ეკონომიკურ სფეროში. დამარცხება შედეგების გარეშე ვერ ჩაივლის. ამ პირობებში ჩვენ მუდამ დამარცხებული ერი, ლუზერების ნაცია ვიქნებით. ამიტომაც ეს ხელისუფლება უნდა განვდევნოთ, თუკი ის არ არის მზად, თავისი ნებით წავიდეს”.

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის 10 ნოემბერს, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო, როდესაც ფაშინიანის ოპოზიციამ მისი გადადგომა მოითხოვა. კრიზისისა და საპროტესტო აქციების ფონზე ნიკოლ ფაშინიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს დანიშნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი