ნეტგაზეთი | კუს ტბაზე მერია 23 992 ლარად კუს ქანდაკების დადგმას გეგმავს კუს ტბაზე მერია 23 992 ლარად კუს ქანდაკების დადგმას გეგმავს – Netgazeti
RU | GE  

კუს ტბაზე მერია 23 992 ლარად კუს ქანდაკების დადგმას გეგმავს

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერია კუს ქანდაკების დადგმას გეგმავს. მერიამ ქანდაკების დადგმის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ქანდაკების დადგმის სავარაუდო ღირებულება 23 992 ლარია.

ტენდერის პირობების თანახმად კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კუს ქანდაკების განთავსების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით წინადადებების მიღება 23 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება.

ტენდერის პირობებში ასევე აღნიშნულია, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები, ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. კერძოდ, მიმწოდებელმა კუს ქანდაკების ტრანსპორტირება და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში კვარცხლბეკზე მონტაჟი უნდა უზრუნველყოს.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 28 აპრილს განაცხადა, რომ იგეგმება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია, რომლის ფარგლებშიც მესაკუთრეებთან მოპალარაკებები უკვე დაწყებული იყო.

“მიგვაჩნია, რომ კუს ტბის განვითარების ახალი კონცეფცია დაფუძნებული უნდა იყოს საარქივო მასალებზე და გასული საუკუნის ბოლოს შემუშავებულ, ვაკის პარკისა და კუს ტბის კომპლექსური განვითარების პროექტზე.

მიმაჩნია, რომ პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე ურბანული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მხარე – ხელმისაწვდომობა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნა, ასევე ესთეტიკური კრიტერიუმები და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტები”,- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის პროექტი ისტორიულ და კულტურულ საბჭოზე განიხილება.

აქტივისტი, მარიამ ბაქრაძე ფიქრობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მასშტაბური ცვლილებები არ არის საჭირო, რადგან კუს ტბას სწორედ საკუტარი ბუნებრივი გარემო გამოარჩევს.

ნახეთ ვრცლად:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი