ახალი ამბები

დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ ივნისში “სინოფარმის” 500 000 დოზა შემოვა – გამყრელიძე

7 მაისი, 2021 • 3358
დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ ივნისში “სინოფარმის” 500 000 დოზა შემოვა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივნისში საქართველოში დამატებით შემოვა “სინოფარმის” ვაქცინის 500 000 დოზა. ამის შესახებ გამყრელიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“სინოფარმის მარაგი ამჟამად არის დაახლოებით 100 000 დოზა, საიდანაც 6 000 არის ადმინისტრირებული. ასევე, თუ არ ვცდები, 25 ათასზე მეტი ადამიანია ჩაწერილი და დაჯავშნილი აქვს ადგილები მაისის ბოლომდე. ეს 100 000 არის 50 000 ადამიანისთვის, ორჯერადი აცრისთვის. ასევე, უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან ასევე ისაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ “სინოფარმის” ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებითაც. მისი განცხადებით, ჯანმოს გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობაში ნდობას გაზრდის:

“[ჯანმოს გადაწყვეტილება] საქართველოსთვის ცვლის იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას მეტი ნდობა ექნება ვაქცინებისადმი, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ეს ვაქცინა გახლავთ ხარისხიანი, ეფექტური, მისი დამცველობითი უნარი მერყეობს 79-86%-ს შორის”, – განმარტა გამყრელიძემ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგაიზაციამ ჩინური წარმოების “სინოფარმის” ვაქცინას გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია დღეს მიანიჭა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტი აწარმოებს და ინექციებს შორის ინტერვალი 21-28 დღე უნდა იყოს. ვაქცინა +2,+8 გრადუსზე ინახება. სხვადასხვა ქვეყნაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევის მონაცემებით Sinopharm/BBIBP-ის ეფექტიანობა 78.1 %-ია 18-59 ასაკობრივ ჯგუფში.

საქართველომ ჩინეთისგან აპრილის დასაწყისში შეიძინა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმის“ 100 000 დოზა. ვაქცინაციამდე მთავრობას მოლოდინი ჰქონდა, რომ WHO პოზიტიურ დასკვნას გამოაქვეყნებდა. თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 29 აპრილს ცვლილება შეიტანა ბრძანებაში, რომელიც ,”COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცებას” შეეხება.

ცვლილების შედეგად საქართველოში ნებადართულ “ფაიზერის” და “ასტრაზენეკას” ვაქცინებს დაემატა “ COVID – 19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული, რაც იგივე “სინოფარმის” ვაქცინაა.

მოქალაქეების რეგისტრაცია სინოფარმით ვაქცინაციაზე საქართველოში 27 აპრილს დაიწყო. უშუალოდ ვაქცინაცია კი- 4 მაისს. ბოლო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით “სინოფარმის” ვაქცინაზე რეგისტრირებულია 25 700-ზე მეტი მოქალაქე.

საქართველომ აღნიშნული ვაქცინის 100 000 დოზა შეიძინა. ვინაიდან პრეპარატით იმუნიზაცია ორჯერადად ხდება 21-28 დღის ინტერვალში, აღნიშნული დოზებით სრულად 50 000 მოქალაქის აცრა იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი