ახალი ამბები

„ერ-ბე-კა“: ნავალნის ფონდი საქართველოში გეგმავს საქმიანობის გაგრძელებას

7 მაისი, 2021 • 2569
„ერ-ბე-კა“: ნავალნის ფონდი საქართველოში გეგმავს საქმიანობის გაგრძელებას

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ თანამშრომელთა ნაწილი საქართველოში გადმოვიდა. გარდა ამისა, თბილისში უნდა გადმოვიდეს ფონდის სტუდიაც, იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით რუსული მედიასაშუალება „ერ-ბე-კა“. ამას უარყოფენ ნავალნის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, ლეონიდ ვოლკოვი და ფონდის იურისტი ივან ჟდანოვი.

გარკვეული ხნის წინ ნავალნის ფონდი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოეთის აგენტად ცნო. ამასთან ერთად, მიდის პროცესი ორგანიზაციის „ექსტრემისტულად“ გამოცხადების შესახებ.

გამოცემის ცნობით, წყარომ მათ შეატყობინა, რომ საქართველოში უკვე არიან ფონდის წარმომადგენლები: გიორგი ალბუროვი, რუსლან შავედინოვი და ტექნიკოსები. მთლიანობაში, მისი თქმით, საქართველოში ფონდის მინიმუმ 10 წარმომადგენელია.

„ერ-ბე-კას“ ცნობით, მათი წყარო აცხადებს, რომ ყველაზე ძვირადღირებული ტექნიკა ფონდმა თბილისში უკვე ჩამოიტანა, საქართველოში გადმოსვლის გადაწყვეტილება კოლექტიური იყო, ხოლო ტექნიკის გადმოტანა მიუთითებს, რომ ფონდი საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში აპირებს დარჩენას.

გამოცემის ცნობით, მათი წყაროებისთვის უცნობია, აპირებენ თუ არა ფონდის წარმომადგენლები საქართველოში იურიდიული პირის დარეგისტრირებას. მათივე განცხადებით, ფონდის არცერთ წარმომადგენელს არ მოუთხოვია პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი