ახალი ამბები

ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგას ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა

7 მაისი, 2021 • 786
ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგას ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს.

ირაკლი ღარიბაშვილსა და დენის შმიგალს შორის საუბარი ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელი კოლეგა, მისთვის ხელსაყრელ დროს, ოფიციალური ვიზიტით თბილისში მოიწვია.

“შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ამ მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა”, — ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში ბოლო დროს რუსეთის სამხედრო გააქტიურებაზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოხატა ქართული მხარის შეშფოთება და დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა, რათა უფრო მეტად განვითარდეს და გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა იმსჯელეს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნეს, რომ ალიანსში გაწევრიანება ორი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას და შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი