ახალი ამბები

თბილისში ახლად ნამშობიარები ქალი კოვიდმა იმსხვერპლა, დაიღუპა ჩვილიც

7 მაისი, 2021 • 3503
თბილისში ახლად ნამშობიარები ქალი კოვიდმა იმსხვერპლა, დაიღუპა ჩვილიც

თბილისში კორონავირუსმა იმსხვერპლა კორონავირუსით ინფიცირებული, ახლად ნამშობიარები 34 წლის ქალი. გარდაიცვალა მისი ჩვილიც.

7 თვის ორსული სუნთქვის უკმარისობით ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში 19 აპრილს შევიდა. ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, ალექსი ვაჩაძის თქმით, სუნთქვის სერიოზული უკმარისობის მიუხედავად, მდგომარეობა არ იყო სარეანიმაციო, ამიტომ პაციენტი თავდაპირველად სამეანო განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

“მოვიდა ჟანგბადდამოკიდებული, ძალიან სერიოზული სუნთქვის უკმარისობით, მაგრამ რადგან ჟანგბადზე რიცხვები უსწორდებოდა და თვითონაც ცოტა შვება იგრძნო, გადაწყდა, რომ დაგვეწვინა დედათა და ბავშვთა ცენტრში, ანუ სამეანო განყოფილებაში, რომელიც ორგანიზებულია კოვიდ პაციენტებთან სამუშაოდ. მდგომარეობა იყო მონიტორინგის ქვეშ.

22 აპრილს მისი მდგომარეობა ისე დამძიმდა, სუნქთვის უკმარისობა ისე გაუძლიერდა და ფილტვებში დაზიანების ხარისხმა მოიმატა, რომ მოხდა პაციენტის ინტუბაცია და რეანიმაციაში გადაყვანა.  რეანიმაციაში მონიტორინგის პროტოკოლი უფრო ინვაზიურია, გავაგრძელეთ მკურნალობა პროტოკოლით და ფეხმძიმობის გათვალსიწინებით. 24 აპრილს ნაყოფს ჰქონდა რამდენიმე, სიცოცხლისთვის საშიში ცვლილება. ამიტომ გადაწყდა სასწრაფო საკეისრო ოპერაცია. ჩვილი იყო დღენაკლული, მცირე წონით და საოპერაციოშივე გადაიყვანეს მექანიკურ ვენტილაციაზე, თუმცა, ბევრი ძალისხმევის მიუხედავად, პატარამ მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” ვაჩაძემ.

მისი თქმით, საკეისრო კვეთის შემდეგ დედის მკურნალობა რეანიმაციაში გაგრძელდა. ფილტვის დაზიანებასთან ერთად, პაციენტს დასჭირდა თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიაც, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და 6 მაისს გარდაიცვალა.

ალექსი ვაჩაძის ცნობით, კლინიკის პროტოკოლის თანხმად, ამ შემთხვევის ანალიზი, მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, იგეგმება შიდა კონსილიუმზე.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 7 მაისს განაცხადა, რომ 34 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უწყება საკითხების დაზუსტებას ელოდება, რის შემდეგაც გააკეთებს კომენტარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი