ახალი ამბები

თბილისში ვაქცინაციის პორტალს 30-40 კაბინეტი დაემატება – გამყრელიძე

7 მაისი, 2021 • 914
თბილისში ვაქცინაციის პორტალს 30-40 კაბინეტი დაემატება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომავალი კვირიდან თბილისში მოქმედ ვაქცინაციის ცენტრებს დამატებით 30-40 ბრიგადა დაემატება.

გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის ჩინური წარმოების “სინოფარმის” ვაქცინაზე დაახლოებით 25 000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. ამ დროისთვის დედაქალაქში “სინოფარმის” ვაქცინაზე ყველა ადგილი დაკავებულია.

ამასთან, ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ვაქცინაციის ცენტრების ნაწილში იმუნიზაცია ყოველდღიურ რეჟიმში არ მიმდინარეობს, მომავალი კვირიდან კი იგეგმება, რომ ვაქცინაციის ცენტრები რეგიონებში 5-დღიან, თბილისში კი 6-7-დღიან სამუშაო რეჟიმზე გადავლენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ვაქცინაციის პროგრამის მიზანია, მაისის თვეში ყოველდღიურად 5 000 ადამიანი იცრებოდეს, ივნისში კი ეს რიცხვი 6-7 ათასამდე გაიზარდოს.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ივნისიდან ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია უნდა დაიწყოს და დღიურად 10-15 ათასი ადამიანი აიცრას, რის შედეგადაც, დეკემბრის ბოლოს უკვე აცრილი იქნება მილიონ შვიდასი ათას ადამიანამდე, რაც საქართველოს მოსახლეობის 60%-ს მოიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი