ახალი ამბებიეკონომიკა

ოზურგეთში ფქვილის საწარმოს თანამშრომლები მე-4 დღეა გაფიცულები არიან

7 მაისი, 2021 • 1506
ოზურგეთში ფქვილის საწარმოს თანამშრომლები მე-4 დღეა გაფიცულები არიან

ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელ ქარხანაში დასაქმებულები უკვე მეოთხე დღეა გაფიცულები არიან.

როგორც ნეტგაზეთისთვის გახდა ცნობილი, გაფიცვის მიზეზი ხელფასების მომატებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნაა.

შპს “გურია ექსპრესის” ადმინისტრაციამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ კომპანიას ამჟამად ხელფასების გაზრდის შესაძლებლობა არ აქვს.

გაფიცულთა პოზიცია და მოთხოვნები

ქარხნის თანამშრომელთა ადვოკატის, თინათინ ბასილაშვილის განცხადებით, გაფიცულებმა 5 მაისს ოფიციალური წერილით მიმართეს კომპანიის ადმინისტრაციას და დააფიქსირეს საკუთარი მოთხოვნები.

“პირველი მოთხოვნა არის ხელფასი მომატება. გარდა ამისა, დაწესებულებაში უნდა მოეწყოს გამოსაცვლელი ოთახი და აბაზანა. გაფიცულები ითხოვენ სამზარეულოს კეთილმოწყობასაც, ხელმძღვანელობის მხრიდან დასაქმებულებისადმი პატივისცემასა და შესაბამის მოპყრობას, ხელფასის შრომა-საათებისა და ღამის ცვლების გათვალისწინებით, სამართლიან გამოთვლას; თანაბარ პოზიციებზე დასაქმებული პირებისთვის თანაბარ ანაზღაურებასა და დამლაგებლის შტატის შექმნას”, – უთხრა ადვოკატმა ნეტგაზეთს.

თინათინ ბასილაშვილის განცხადებით, კომპანიაში დასაქმებული პირები, რომლებმაც გაიარეს ე.წ. გამოსაცდელი ვადის პერიოდი, კვლავ იმავე ოდენობით ხელფასს იღებენ, რასაც გამოსაცდელი პერიოდის გავლის დროს.

მისივე თქმით, დამლაგებლის შტატის შექმნის მოთხოვნა გამოწვეულია იმით, რომ ქარხანაში დასაქმებულ პირებს თავად უწევთ სამუშაო ადგილის დასუფთავება, რაც დამატებით შრომას მოითხოვს.

შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდება მშრომელთა მოთხოვნები, რას აპირებს გაფიცულთა მხარე, ბასილაშვილი პასუხობს, რომ მათ კვლავ აქვთ იმედი, რომ ქარხნის ადმინისტრაცია გაითვალისწინებს გაფიცულთა მოთხოვნებს.

“მათი დიდი ნაწილი საწარმოში დაარსების დღიდან მუშაობს, ამიტომ იმედი აქვთ, რომ ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ მესამე მხარის, ე.წ. მომრიგებლის ჩართვას, როგორც ამას შრომის კოდექსი ითვალისწინებს. ეს შეიძლება იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო”, – განაცხადა ადვოკატმა.

“ხელფასების მატება ამ ეტაპზე შეუძლებელია”

შპს “გურია ექსპრესის” ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გაფიცულები ხელფასის მატებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ, ამათგან შრომითი პირობები გაუმჯობესდა, თუმცა ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა ვერ მოხდება.

“გაფიცულები მოითხოვენ ხელფასების გაზრდას, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რა დროსაც შემცირდა გაყიდვები, ამ ეტაპზე შეუძლებელია ხელფასების მატება”, – უთხრეს ნეტგაზეთს ფქვილის მწარმოებელი ქარხნის ადმინისტრაციაში.

ნეტგაზეთის კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ გაფიცვა გაგრძელდება, რას გეგმავს ადმინისტრაცია, გვიპასუხეს, რომ საქმეში ორივე მხრიდან არიან ჩართულნი იურისტები და საკითხზე ისინი იმუშავებენ.

გაფიცულთა ადვოკატმა, თინათინ ბასილაშვილმა ნეტგაზეთს ასევე უთხრა, რომ კომპანიამ ბოლო ხანებში შეიძინა ავტომობილი, რომელიც ამჟამად ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფება და აქედან გამომდინარე, კომპანიას ნამდვილად გააჩნია სახსრები ხელფასების გასაზრდელად.


ფოტო გარეკანზე: “გურიანიუსი”

მასალების გადაბეჭდვის წესი