ახალი ამბები

დაპირისპირება რუის-ურბნისის ეპარქიაში: დეკანოზი ამბობს, რომ პრეტენზია არავისთან აქვს

7 მაისი, 2021 • 3616
დაპირისპირება რუის-ურბნისის ეპარქიაში: დეკანოზი ამბობს, რომ პრეტენზია არავისთან აქვს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტის რეზიდენციაში ფიზიკურად შეურაცხყვეს დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი, რომელმაც კრიტიკული პოზიცია გამოხატა სურამისა და ხაშურის ეპარქიის მმართველზე, სვიმეონ ცაკაშვილზე. თავად დეკანოზი ინციდენტს ადასტურებს, თუმცა დასძენს, რომ დეტალებზე საუბარი არ სურს და არავითარი პრეტენზია არ გააჩნია მომხდარის მონაწილეებთან.

რა მოხდა რუის-ურბნისის ეპარქიაში?

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუის-ურბნისის ეპარქიაში, კერძოდ, მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში დაპირისპირება მოხდა, სოციალურ ქსელში 6 მაისის ღამით გავრცელდა.

თეოლოგ ლევან ტატურაშვილის თანახმად,  ეპარქიაში გიორგობის ტრაპეზზე ჩასული დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი ფიზიკურად შეურაცხყვეს და აიძულეს, დაჩოქილიყო.

ყოფილი მღვდელი ბასილ კობახიძე, რომელიც ერთ-ერთია მათგან, ვინც მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, დასძენს, რომ ინციდენტში მონაწილეობდნენ სურამის და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი, მისი ბერდიაკონი და მძღოლი.

“ჩვეულებრივი შიდასაეკლესიო გაუგებრობა”

“ნეტგაზეთმა” ინფორმაციის გადამოწმება სცადა როგორც სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსთან, ისე დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილთან. პირველმა მათგანმა არ უპასუხა სატელეფონო ზარებს, დეკანოზს კი ტელეფონი გამორთული აქვს.

თუმცა დეკანოზმა თეიმურაზმა ინციდენტის შესახებ “ტვ პირველთან” ისაუბრა და დაადასტურა, რომ ეპარქიაში კონფლიქტი მართლაც მოხდა. თუმცა ამ შემთხვევას “ჩვეულებრივ შიდასაეკლესიო გაუგებრობას” უწოდებს, რომელიც “მოგვარდა მღვდელმთავრებთან ერთად” და “არავითარი გამოხმაურება და სხვადასხვა ინტერპრეტაცია ამისთვის საჭირო არ არის”. დეკანოზი ამბობს, რომ ინციდენტი მისივე რეპლიკის შემდეგ დაიწყო.

“ჩემი მხრიდან ადგილი ჰქონდა ქარელში ერთ-ერთი სასულიერო პირის, ხაშურის ეპისკოპოსის მიმართ… მე თვითონ გამოვხატე უდიერი განწყობა მღვდელმთავართან შეხვედრასთან დაკავშირებით. ვთქვი, რომ მასთან შეხვედრას მერჩივნა, შევხვედროდი ქვეწარმავალს.

რაც, რა თქმა უნდა, არ უნდა მეთქვა. ფიზიკური დაპირისპირება ერთ-ერთმა ერის ადამიანმა ჩაიდინა, რომელიც აფექტურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ იქვე ყველაფერი გაირკვა, როგორც შეშვენით ქრისტიანებს. თავადაც ვითხოვე პატიება და ყველაფერი დამშვიდებული სიტუაციით დამთავრდა”, — დასძენს ის.

ფოტოზე: მარცხნივ — დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი; მარჯვნივ — სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი(ცაკაშვილი)

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მართლაც დაარტყეს თუ არა ხელი, დეკანოზი ამბობს, რომ თავს შეიკავებს დეტალების დაზუსტებისგან, ვინაიდან უხერხულია იმაზე საუბარი, “რა სახით მოხდა ე.წ. ფიზიკური ანგარიშსწორება”. სასულიერო პირის თქმით, არ ჰგონია, რომ ეს ვინმეს აინტერესებდეს.

ჟურნალისტმა დეკანოზს ასევე ჰკითხა, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ცნობა, რომლის თანახმადაც კონფლიქტის დროს დააჩოქეს და ბოდიში მოახდევინეს. მისი თქმით, დაჩოქება “ძალიან ცუდი გამოთქმაა” და მან მეტანია გააკეთა, თავისი ინიციატივით:

“არავის ჩემთვის დაჩოქება არ უთხოვია. როდესც შენდობას ვითხოვთ ეპისკოპოსისგან, იქ ავტომატურად ხდება მეტანიის გაკეთება. უბრალოდ, ვითხოვე შენდობა აქეთ მე, ყველაფრის მიუხედავად.

მეუფე იობმა, რა თქმა უნდა, დაასტაბილურა სიტუაცია. როგორ დამთავრდებოდა, მე ამის თქმა არაფრით არ შემიძლია. არ ვარ პასუხისმგებელი არავის არაპროგნოზირებად ხასიათზე, ვინ რისი გამკეთებელია. ალბათ ყველა ჩვენგანმა უნდა მართოს აფექტში საკუთარი თავი და ქმედებები. აფექტში ძალიან ბევრი რამ შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა”.

“არავითარი პრეტენზია არ მაქვს”

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი არ აპირებს, ვინმეს უჩივლოს. მისი განცხადებით, პრეტენზია არ აქვს არც იმ “ერის ადამიანის მიმართ”, ვინც, მისივე ვერსიით, “ფიზიკური დაპირისპირება ჩაიდინა”.

“მსურს, განვაცხადო ხმამაღლა, მე ვფიქრობ, რომ ყოველი სასულიერო პირი უნდა მოიქცეს ასე. იმას კი არ ვამბობ, მე მომბაძეთ-მეთქი. უბრალოდ ეს ჩივილი, ძიება, ქექვა, ისე მოხდა, ასე მოხდა, უნდა დაისაჯოს ადამიანი…” ,— დასძენს ის.

ჟურნალისტმა დეკანოზს უთხრა, რომ ის, რაც მან მოჰყვა, სისხლის სამართლის დანაშაულია.

“სისხლის სამართლის დანაშაული თუ არის, არავის მიმართ პრეტენზია, საჩივრის მსგავსი, არ გამაჩნია…

იმედია, არ მიეცემა ამ საქმეს მსვლელობა. არავის ვუჩივი, მე არავითარი პრეტენზია ამაზე არ მაქვს. როგორც ყველა ადამიანს შორის, ჩვენ შორისაც არსებობს გარკვეული მინუსები, დაპირისპირებაც ზოგჯერ და ა.შ. რაც, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ თუ ვინმე გვაყენებს შეურაცხყოფას, თუ სადმე ვართ მძიმე მდგომარეობაში, ჩვენ ვალდებული ვართ, ეს ყველაფერი გადავყლაპოთ”, — უპასუხა დეკანოზმა ჟურნალისტს.

“ნეტგაზეთი” კვლავ შეეცდება სასულიერო პირებთან დაკავშირებას, მეტი დეტალის გასარკვევად.

მასალების გადაბეჭდვის წესი