ახალი ამბები

ნეპალში კორონავირუსი ინდოეთის მსგავსად ვრცელდება, დადებითობის მაჩვენებელი 47%-ია – The Guardian

7 მაისი, 2021 • 1575
ნეპალში კორონავირუსი ინდოეთის მსგავსად ვრცელდება, დადებითობის მაჩვენებელი 47%-ია – The Guardian

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის თანახმად, ნეპალში კორონავირუსის გავრცელებას შესაძლოა ისეთივე სავალალო შედეგები მოჰყვეს, როგორიც ეს მეზობელ ინდოეთში მოხდა.

მას შემდეგ, რაც ნეპალში გასულ დღე-ღამეში ვირუსით ინფიცირების ახალი 9 070 შემთხვევა გამოავლინეს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის ისტორიაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰუმანიტარული კრიზისის გამკლავებისთვის დახმარება არმიას სთხოვა.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად ჩატარებული ტესტების დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 47 პროცენტია, რაც ამჟამად მსოფლიოსთვის ერთ-ერთ უმაღლეს მონაცემად ითვლება.

ვირუსის გავრცელების მთავარ არეალებად დედაქალაქი კატმანდუ და ქალაქი ნეპალგუნჯი ითვლება, რომელიც ახლოსაა ინდოეთის შტატ უტარ პრადეშთან, რომელიც ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრია.

ნეპალის მთავრობამ ვაქცინების დამატებითი დოზების მიღების თხოვნით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა.

ნეპალს ერთ სულ მოსახლეზე ინდოეთზე ნაკლები ექიმი ჰყავს. ქვეყანაში დღიური შემთხვევების რიცხვი ერთი თვის განმავლობაში, საშუალოდ, დღეში 100 ერთეულიდან 8000-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში, სადაც 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ინტენსიური ზრუნვის მხოლოდ 1 600 საწოლი და 600 სასუნთქი აპარატია.

The Guardian-ის ცნობით, მსგავსად ინდოეთისა, მთავრობამ ნეპალშიც დართო მოსახლეობას ნება, ჩაეტარებინათ ხალხმრავალი რელიგიური შეკრებები, რამაც ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას.

მთავარ ფოტოზე: პანდემია ნეპალში. EPA-EFE/NARENDRA SHRESTHA

მასალების გადაბეჭდვის წესი