ახალი ამბები

როცა საჭმლის მომზადება საპირფარეშოში გიწევს – რაზე ოცნებობს ქალი დედაქალაქში

10 მაისი, 2021 • 2180
როცა საჭმლის მომზადება საპირფარეშოში გიწევს – რაზე ოცნებობს ქალი დედაქალაქში

48 წლის მაია კანაშვილი 13 წლის შვილთან ერთად თბილისში, 6 კვადრატული მეტრის სიდიდის სახლში ცხოვრობს. ეს ერთი ოთახი მათთვის არის საძინებელიც, მისაღებიც და სამეცადინო სივრცეც. ოთახის გვერდზე ოჯახს მოწყობილი აქვს მცირე ზომის აბაზანა და ტუალეტი, რომელიც სამზარეულოს ფუნქციასაც ითავსებს.

მაია ნეტგაზეთს უყვება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მერვე წელია მუშაობას ვერ ახერხებს და შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური დახმარება და მისი პენსიაა.

“მაქვს ქრონიკული ასთმა, დიაბეტი და მოციმციმე არითმია. ამ სახლში მკურნალობასაც არ აქვს აზრი… საშინელი ნესტია, თაგვები და ვირთხები… ძალიან მჭირდება წამლები, პროდუქტი… ფეხსაცმელებიც არ მაქვს, ბავშვის ფეხსაცმელებით დავდივარ, ხან ერთი ვხმარობთ ამ ფეხსაცმელს და ხან მეორე და ასე ვართ”, – უყვება მაია ნეტგაზეთს.

როგორც თავად ამბობს, მის ჯანმრთელობას აღნიშნულ სახლში ცხოვრებაც ამძიმებს, რადგან ოთახი ნესტიანია და მისი მდებარეობის გამო რთულია სისუფთავის დაცვაც.

“ამ სახლსაც რომ ვგვი, ცუდად ვხდები და სასწრაფოს გამოძახება მჭირდება… ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ, რა ვქნა, არ ვიცი, ერთადერთი ის მამხნევებს, რომ შვილებს ვჭირდები, ახლა ვჭირდები მე ჩემს შვილებს”, – ამბობს მაია.

მისი თქმით, გამგეობამ შესთავაზა, რომ ბინის პოვნის შემთხვევაში 300 ლარით დააფინანსებს, თუმცა, როგორც მაია ამბობს, ამისთვის საჭიროა პირველი ერთი-ორი თვის ბინის ქირის ფული მისცეს გამქირავებელს, სანამ საჭირო საბუთების შეგროვებას შეძლებს და გამგეობა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

მაიას იმედი აქვს, რომ ბინის შეცვლის შემდეგ თავად მკურნალობას შეძლებს და მისი შვილების მდგომარეობაც თანდათანობით გაუმჯობესდება. 48 წლის ქალი ოცნებებზე საუბრისას ამბობს, რომ მისი ნატვრაა, ჰქონდეს ისეთი სამზარეულო, სადაც სადილის გაკეთებას თავისუფლად შეძლებს. ასევე, ჰქონდეს აბაზანა, სადაც შხაპის ქვეშ ბანაობა იქნება შესაძლებელი.

ნახეთ ვრცლად:

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომერზე:

თიბისი ბანკი: GE75TB7107545064300008

მიმღები: მაია კანაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი