ახალი ამბები | ,

ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას

6 მაისი, 2021 | | 637
ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას

გერმანიის ბუნდესტაგმა „დიდი უმრავლესობით“ მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც ამსუბუქებს გარკვეულ შეზღუდვებს პირებისთვის, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, იტყობინება „დოიჩე ველე“. გამოცემის ცნობით, კანონის ბედი ახლა გერმანული საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში, ფედერალურ საბჭოში გადაწყდება.

ბუნდესტაგში კანონპროექტს მხარი დაუჭირეს „ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ“, „სოციალ-დემოკრატებმა“ და „მწვანეებმა“. ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წინააღმდეგი იყო, ხოლო „თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ“ თავი შეიკავა.

როგორც „გარდიანი“ წერს, კანონპროექტის მიხედვით, ვაქცინირებული და გამოჯანმრთელებული პირებისთვის მოიხსნება შემდეგი შეზღუდვები:

  • არ მოუწევთ კარანტინი საზღვარგარეთ მგზავრობის შემდეგ (თუ არ იყვნენ ქვეყნებში, სადაც გავრცელებულია ვირუსის ახალი შტამები);
  • აღარ მოუწევთ კორონავირუსზე ნეგატიური ტესტის წარმოდგენა, მაგალითად, სილამაზის სალონებში, სავაჭრო ობიექტებში თუ ზოოპარკში შესასვლელად;
  • აღარ იმოქმედებს კომენდანტის საათი და „ორი საოჯახო მეურნეობის შეზღუდვა“ შეკრებაზე;

თუმცა, „გარდიანის“ ცნობით, საჯარო სივრცეში პირბადის ტარება და ფიზიკური დისტანცირების მოთხოვნა კვლავ ძალაში დარჩება — „ვაქცინაციის წარმატება არ ნიშნავს, რომ უდარდელად უნდა ვიყოთ“ — განაცხადა ამ თემაზე საუბრისას იუსტიციის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა.

ამ ეტაპზე,  „გარდიანის“ ცნობით, გერმანიის მოსახლეობის 28,7 პროცენტს ვაქცინის პირველი დოზა აქვს მიღებული. 6,7 მილიონი მოქალაქე ორივე დოზითაა აცრილი. ამასთან ერთად, ზოგი ფედერალური მიწის ადგილობრივმა მთავრობებმა ისედაც შეამსუბუქეს შეზღუდვები ვაქცინირებული პირებისთვის.

ამავე დროს, კანონპროექტი კრიტიკის ობიექტი გახდა, თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო. ერთი მხრივ, მისი მოწინააღმდეგეები მიუთითებენ, რომ ასეთი მიდგომა უსამართლოდ ეპყრობა ახალგაზრდებს, რომლებსაც ამ ეტაპზე ვაქცინაცია არ უწევთ.

უტე ტაიხერტი, საჯარო ჯანდაცვის ექიმთა ფედერალური ასოციაციის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ „ფატალური იქნება, თუ ვაქცინირებული ან [კორონავირუსისგან] გამოჯანმრთელებული პირებისთვის ქვეყანაში შემოსვლისას ტესტირება საჭირო არ იქნება“ და დასძენს, რომ „ფართომასშტაბიანი ტესტირების გარეშე ინფიცირების კვალს დავკარგავთ, განსაკუთრებით ვირუსის ახალ ვარიანტებთან მიმართებაში“.

გერმანელ პოლიციელთა პროფკავშირი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ დოკუმენტაცია, რომლითაც პირის სტატუსი დასტურდება, მარტივად შეიძლება გაყალბდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი