ახალი ამბები

ევროპული საქართველო: გარეჯში მომხდარი “ოცნების” წახალისებული დანაშაულებების გაგრძელებაა

5 მაისი, 2021 • 675
ევროპული საქართველო: გარეჯში მომხდარი “ოცნების” წახალისებული დანაშაულებების გაგრძელებაა

“ევროპული საქართველო” განცხადებას ავრცელებს გარეჯში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ აღნიშნული არის ივანიშვილის რეჟიმის მიერ წახალისებული და დაუსჯელი დანაშაულებების ბუნებრივი გაგრძელება და ნაწილი.

“ეს ამბავი, ისევე როგორც პარლამენტის მიერ აქტივისტების წინააღმდეგ გამკაცრებული კანონმდებლობა, ადასტურებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს იმ სულისკვეთების და მეთოდების შეცვლას, რითაც აქამდე მართავდა ამ ქვეყანას.

ამავე კონტექსტის განუყოფელი ნაწილია “ქართული ოცნების” მორჩილი პოლიციისა და სასამართლოს მიერ ფირუზ წულუკიძის, რეზო წულუკიძისა და ირაკლი ჭელიძის დაკავება. ამ ადამიანებმა რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ამას კი ხელუსუფლების მხრიდან პროვოკაციის მოწყობა და მათი დაკავება მოჰყვა”, – აცხადებენ “ევროპულ საქართელოში”.

პარტიის განცხადებით, ეს და მსგავსი საქმეები აშიშვლებს ხელისუფლების სურვილს, კვლავ ძალადობის, პოლიტიკური დევნის, სიცრუის და სიძულვილის პროპაგანდის დახმარებით მართოს ქვეყანა.

4 მაისს დავითგარეჯაში გადაღებაზე მყოფ ივერი მელაშვილს და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის განცხადებით, ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. “მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ნინუცა კეკელიას თქმით, თავს სასულიერო პირები დაესხნენ. ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა ჩანს არხის გავრცელებულ ვიდეოკადრებშიც.

შსს-მ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ძალადობას გულისხმობს. უწყებაში მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი