ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება და ენერგეტიკული კრიზისი აფხაზეთში ძირითადად უკავშირდება კრიპტოვალუტის მომპოვებელ ფერმებს. ოფიციალური ცნობით, აფხაზეთში რამდენიმე ასეული უკანონო ფერმა დახურეს. ამის მიუხედავად, მათი რაოდენობა მზარდია. რატომ?
აფხაზეთის უფასო რეკლამების ვებ-გვერდებზე ხშირად შეგხვდებათ ასეთი შინაარსის განცხადებები: “მაინინგის სერვერების რემონტი, ქსელთან მიერთება”. მაგალითად, “აფხაზ ავტოს” ვებ-გვერდსა და მის ინსტაგრამ გვერდზე მრავალი განცხადებაა განთავსებული, სადაც კრიპტოვალუტის მომპოვებელი აპარატურა იყიდება. მათ კი, ვინც ალღო აუღეს ბიზნესს, ხმაურის დამხშობი კარადების დამზადება დაიწყეს. მსგავსი მომსახურების შესახებ განცხადებები ქუჩაშიც არის გამოკრული. ამასთან, აფხაზეთში მაინინგი ოფიციალურად აკრძალულია.
“დღეს აფხაზეთში მცხოვრები ყველა სისტემური ადმინისტრატორი მაინინგის სერვერებს არემონტებს. ამასთან, ყველა სპეციალისტი დაკავებულია და თავისუფალი დრო არავის აქვს. ისინი ძირითადად დიდ ფერმებს ემსახურებიან და ჩემი მცირე ფერმა 4 აპარატით მათთვის საინტერესო არ არის. ზოგჯერ მთელი დღე ვურეკავ ხოლმე, რომ რომელიმე მათგანმა მოიცალოს ჩემთვის”, – გვიყვება წყარო.
სოხუმში მცხოვრები ალექსანდრე ავეჯის ხელოსანია, თუმცა უკანასკნელი ნახევარი წელი მისი საქმიანობა გარკვეულწილად შეიცვალა – ის მაინინგის აპარატურისთვის ხმის დამხშობ კარადებს ამზადებს.
ასეთი კარადების ფასები, ზომის მიხედვით, 3000 რუბლიდან 8000 რუბლამდე ჯდება. ხელოსანი გვიყვება, რომ დღის განმავლობაში ხუთამდე კარადას ამზადებს და დღე-ღამეში, საშუალოდ 15 ათას რუბლს შოულობს.
“ზამთარში დასვენებების გარეშე ვიმუშავე, ახლა ცოტა აჟიოტაჟია. როდესაც რეიდები და მსხვილი ფერმების დალუქვა დაიწყო, მფლობელებმა აპარატურის გაყიდვა დაიწყეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი, სახლებში მიჰქონდათ, რისთვისაც საჭირო გახდა ასეთი კარადები. ჯერ ერთმა შემიკვეთა, მერე- მეორემ, და გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემიძლია დამზადება და ახლა უამრავი კლიენტი მირეკავს. გაჩნდა მოთხოვნა და, შესაბამისად, უნდა ვიმუშაო”.
“თავად მაინინგი რას ნიშნავს, კარგად ვერც ვერკვევი”, – გვეუბნება ალექსანდრე.
პარალელურად, აფხაზეთში პრაქტიკულად შეწყდა ბინების ძარცვა. ამ მხრივ, შსს-ს სტატისტიკაში წარმატებაა. თუმცა უცნობია, რასთან არის დაკავშირებული, შსს-ს მუშაობასთან, თუ იმასთან, რომ ძარცვის ობიექტებია შეცვლილი. აფხაზეთში ახლა უკვე მაინინგ აპარატურის ძარცვა მოხშირდა. ეს ყველაზე ღირებული ნივთებია, რაც შეიძლება სახლში გქონდეს დღეს. თუმცა, იმის გამო, რომ მაინინგი უკანონო საქმიანობად მიიჩნევა, დაზარალებულები პოლიციას ვერ მიმართავენ.
ზაზა გალის რაიონის მკვიდრია. ოფიციალური ცნობით, გალში არცერთი მაინინგის ფერმა არ არსებობს, თუმცა,ზაზა უკვე ორჯერ გაძარცვეს და მისი აპარატურა წაიღეს.
“თავიდან 11 აპარატიდან 7 მომპარეს, მერე კიდევ 6 ვიყიდე და ისევ გამქურდეს, 7 წაიღეს. ეტყობა, ყველას ვერ მოერივნენ”, – გვიყვება ზაზა.
ზაზას აპარატები მისი სახლის გვერდით მდებარე დაკეტილ სახლში ჰქონდა განთავსებული. სახლის შესასვლელი ბლოკითა და მავთულხლართებით შემოღობა, თუმცა მძარცველებმა მაინც მოახერეს სახლში შეღწევა. დაზარალებული მილიციაში ვერ მიდის – უკანონო საქმიანობისთვის პასუხისმგებლობას თავად მას დააკისრებენ. ამასთან, ე.წ. ქურდულ სამყაროში აფხაზეთში ახალი “გაგება” დამკვიდრდა – “დაკარგულ ფულს და დაკარგულ მაინინგს ვეღარ დაიბრუნებ”.
კრიპტოვალუტის მაინინგის აპარატურით ვაჭრობა, მომსახურება, გაყიდვა და გაცვლა აფხაზეთის ეკონომიკის ჩრდილოვანი მიმართულება გახდა. თუ ადრე შსს-ს ოფიციალურ განცხადებებში საუბარი იყო იმაზე, რომ მსხვილი და მცირე ფერმები გამორთეს, დღეს სამართალმდაცველები და ენერგეტიკოსები, რომლებიც ჩართული არიან მაინინგთან ბრძოლის პროცესში, თანხმდებიან იმაზე, რომ მაინინგი კერძო სექტორში – სახლებში გადავიდა და მისი გაკონტროლება უკვე შეუძლებელია.
“ვამბობთ, რომ კრიზისია, მაგრამ ნახეთ, გარშემო ყველგან მშენებლობებია. გზებზე სულ უფრო მეტი ავტომობილი დადის, არც ტანსაცმლის მაღაზიები უჩივიან კლიენტების ნაკლებობას. რომ არა მაინინგი, ალბათ, ვერც გადავიტანდით ამ კოვიდის წელს. მაინინგის წყალობით ქვეყანაში საკმაოდ სოლიდური ფულის მიმოცვლაა. ამის დამსახურებაა, რომ ცოცხლობს დღეს ბიზნესი. მაინერებმა შეინარჩუნეს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი არ შეიძლება. ამაზე საუბარი არაპოპულარულია”, – გვეუბნება აფხაზეთში მომუშავე ეკონომისტი ანონიმურად.
სანამ აფხაზი პარალამენტარები მაინინგთან ბრძოლის შესახებ კანონპოექტზე და იმაზე მსჯელობენ, თუ რამდენი კილოვატი ელეტროენერგიის მოპარვაზე უნდა დაწესდეს ჯარიმა და სასჯელი, სერვერები აგრძელებს ბიტკოინების მოპოვებას – “ძაღლი ყეფს, მაინინგის ფერმები კი წინ მიდის”.