ახალი ამბები

რუსეთი წიწიბურის ექსპორტს დროებით კრძალავს

5 მაისი, 2021 • 1110
რუსეთი წიწიბურის ექსპორტს დროებით კრძალავს

რუსეთი რამდენიმე თვით წიწიბურის ექპორტს კრძალავს. РИА Новости-ის ინფორმაციით, წიწიბურის ექსპორტი 5 ივნისიდან 31 აგვისტომდე აიკრძალება.

სააგენტო წერს, რომ გასულ კვირას ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ექსპორტის დროებით აკრძალვაზე განაცხადა, რათა ქვეყნაში პროდუქტის საჭირო რაოდენობა იყოს და თავიდან აიცილონ ფასების მერყეობა. РИА Новости-ის ცნობითვე, წიწიბურა 2021 წლის დასაწყისიდან რუსეთში ძვირდება და გასული წლის აპრილთან შედარებით დაახლოებით 25%-ით, 95 რუბლამდე გაძვირდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის კომენტარი, სადაც ამბობს, რომ ქვეყანაში წიწიბურას მარაგი არსებობს. ამას გარდა, მისი თქმით, საქართველოს აქვს პროდუქტის იმპორტის ალტერნაიული გზებიც.

“საქართველოში წიწიბურის მარაგები საკმარისია. დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზარზე ცვლილება საქართველოს შიდა ბაზარზეც ახდენს გავლენას, მით უმეტეს, იმ პროდუქციაზე, რომელიც ჩვენთან არ იწარმოება. რუსეთის შესაბამისი გადაწყვეტილება წიწიბურის მარცვლეულსა და ბურღულეულზე ექსპორტის აკრძალვის შესახებ ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავისუფალი საბაზრო პრინციპების არსებობა იმპორტიორებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო ბაზრების სხვა მომწოდებლებთან დაამყარონ კავშირები. ვფიქრობთ, იმპორტიორები თავს გაართმევენ მათ წინაშე მდგარ ამოცანას და ბაზარზე შენარჩუნებული იქნება სტაბილური მდგომარეობა”,-ამბობს ხანიშვილი.

იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ საქართველოში წიწბურაზე ფასები არ გაიზრდება, რადგან ქვეყანას აქვს ალტერნატიული ბაზარი ჩინეთის სახით.

გასული წლის აპრილშიც შეიზღუდა წიწიბურის იმპორტი. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებმა კონკრეტული პროდუქტის ექსპორტი აკრძალეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან საქართველოში წიწიბურა, მსხვილად დაღერღილი ხორბალი; ბრინჯი და სხვა პროდუქცია ვერ შემოვიდოდა. მაშინ ზოგიერთმა იმპორტიორმა წიწიბურა ჩინეთიდან შემოიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი