ახალი ამბები

ყველანაირი ძალადობა მიუღებელია — გომელაურის გარეჯის ინციდენტზე

5 მაისი, 2021 • 1225
ყველანაირი ძალადობა მიუღებელია — გომელაურის გარეჯის ინციდენტზე

“ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, პირველ რიგში, ჟურნალისტებზე და ასევე მოქალაქეებზე. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, [დამნაშავეები] კანონის შესაბამისად დაისჯებიან”, — განაცხადა 5 მაისს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ დავითგარეჯაში “მთავარი არხის” ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის შესახებ.

კითხვაზე, რატომ დაიწყო გამოძიება მხოლოდ ძალადობის მუხლით და არა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლითაც, გომელაური პასუხობს:

“ფაქტი რაც ჰქონდა [გამოძიებას], სავარაუდოდ, იქიდან გამომდინარე დაიწყო ამ მუხლით. მე გამომძიებელი არ ვარ, ვარ შს მინისტრი. რაც მომახსენეს, დავიწყეთ გამოძიება ფაქტიდან გამომდინარე. ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან, შეიძლება ხუთი მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი დაემატოს. კვალიფიკაციის შეცვლაზე პროკურატურამ უნდა იმსჯელოს”, — განაცხადა გომელაურმა.

4 მაისს დავითგარეჯაში გადაღებაზე მყოფ ივერი მელაშვილს და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის განცხადებით, ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. “მთავარი არხის “ჟურნალისტის, ნინუცა კეკელიას თქმით, თავს სასულიერო პირები დაესხნენ. ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა ჩანს არხის გავრცელებულ ვიდეოკადრებშიც.

შსს-მ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ძალადობას გულისხმობს. უწყებაში მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი