ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხურ მონასტერში აზერბაიჯანულმა მხარემ ქრისტიანული რიტუალი ჩაატარა

4 მაისი, 2021 • 1929
სომხურ მონასტერში აზერბაიჯანულმა მხარემ ქრისტიანული რიტუალი ჩაატარა

აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს ცნობით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რელიგიურ ორგანიზაციებთან მომუშავე სახელმწიფო კომიტეტის ორგანიზებით, ხუდავანგის [ხუდავანქი], იგივე დადივანქის მონასტერში ალბანურ-უდიური რელიგიური ორგანიზაციისა და სხვა ქრისტიანული ჯგუფების ვიზიტი გაიმართა.

სააგენტოს თანახმად, ვიზიტის ფარგლებში ტაძარში აღსრულდა რელიგიური რიტუალი ლოცვითა და სანთლების დანთებით.

რელიგიურ ორგანიზაციებთან მომუშავე სახელმწიფო კომიტეტის თანახმად, მომდევნო ვიზიტი ლაჩინის რაიონში მდებარე აგოღლანის, იმავე წიწერნავანკის ტაძარში ჩატარდება, რომელიც დადივანქის მონასტრის მსგავსად, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აღმოჩნდა ბაქოს კონტროლს ქვეშ.

მასალაში ნათქვამი არ არის, გარდა ალბანურ-უდიური ჯგუფისა, კიდევ რომელი ქრისტიანული ჯგუფები იღებდნენ ვიზიტში მონაწილეობას.

APA-ს რუსულენოვან მასალაში ნათქვამია, რომ ხუდავანგი “უძველესი ალბანური ტაძარია”.

სომხური მხარის პოზიციის თანახმად, მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე რაიონების ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრები სომხური კულტურის ძეგლებია, რასაც მოწმობს ადგილზე არსებული ფრესკები, სომხურენოვანი წარწერები, ხაჩკარები [ქვაზე შესრულებული ჯვრები] და სამარხები.

აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, ეკლესია-მონასტრების დიდი ნაწილი ალბანური კულტურის ძეგლებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი