საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე “ნეტგაზეთთან” განმარტავს დღეს გაკეთებულ განცხადებას საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირებასთან დაკავშირებით.
კახაძის თქმით, ისიც ამირან გამყრელიძის მსგავსად აცხადებდა, რომ ინდოეთში გავრცელებული შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა საქართველოში ამ დრომდე არ ფიქსირდება, თუმცა ქვეყანაში აღნიშნული შტამის არსებობა გამორიცხული არ არის:
“ერთნაირად ვამბობთ მე და ამირანი, მეც ზუსტად იმავეს ვამბობ. ინდოეთში გავრცელებული შტამის დადასტურებული შემთხვევა არ არის, მაგრამ იმის გამორიხვა, რომ შტამი არსებობს… ვერავინ გამორიცხავს. არაფერზე დაყრდნობით არ არის ასე, ოფიციალური მონაცემი არ არსებობს”, – ამბობს ლადო კახაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
დღეს, 4 მაისს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში დაფიქსირდა “ინდური შტამის რამდენიმე” შემთხვევა.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თუ როდის გავრცელდა ინდური შტამი საქართველოში, ლადო კახაძემ უპასუხა, რომ ამაზე ვერ უპასუხებდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელის, ამირან გამყრელიძის განცხაცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით ლაბორატორიული კვლევებით არ დაფიქსირებულა კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელების ფაქტი.
“ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა [ინდოეთში დაფიქსირებული შტამის გავრცელების ფაქტი]. ბატონ ლადოს შესაძლოა აქვს სხვა მონაცემები”, – განაცხადა ამირან გამუყრელიძემ ჟურნალისტის კითხვაზე, დასტურდებოდა თუ არა პარლამენტის წევრის, ლადო კახაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ “ქვეყანაში ინდური შტამის რამდენიმე შემთხვევა” დაფიქსირდა.
“ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა. ალბათობა იმისა, რომ ქვეყანაში იყოს [ინდური შტამი], არსებობს, მაგრამ რასაც ჩვენ ვიკვლევთ, ძირითადად არის ბრიტანული შტამი. IHME-ს ინსტიტუტი გვეხმარება პროგნოზირებაში, რომლის მიხედვითაც, “ქვეყანაში დომინანტია ბრიტანული შტამი, რომელიც ახდენს სხვა შტამების სუპრესიას”, ანუ ძირითადად დომინირებს ბრიტანული შტამი, ისევე, როგორც მთლიანად ევროპაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსის აღნიშნული შტამი, რომელიც ინდოეთში გავრცელდა, ვირუსის შედარებით ახალი მუტაციაა, ის პირველად ინდოეთში დაფიქსირდა.
შტამის შესახებ კვლევები ამჟამად მიმდინარეობს, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს შტამი სხვა მუტაციებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება.