„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ყოფილი სპორტსმენი რეზო ჩომახიძე ამბობს, რომ თბილისის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
ჩომახიძე ნეტგაზეთთან ჰყვება, რომ წყალბურთის გუნდის („თბილისი“) დირექტორი 2016 წლიდან იყო, რა დროსაც გუნდმა საკმაო წარმატებასაც მიაღწია.
„სხვა ახსნა ამ გადაწყვეტილებას უბრალოდ არ აქვს. იმიტომ, რომ ეს ააიპი იყო ჩვეულებრივი სპორტული კლუბი, რომელიც მერიის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო. რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მე გავწევრიანდი ენმ-ში, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულება არ განეახლებინათ“, – გვიყვება რეზო ჩომახიძე.
მისივე თქმით, კლუბში ხელშეკრულების წარდგენა ყოველთვის ერთგვარი ფორმალობა იყო, ბოლოს კი ეს ხელშეკრულება უბრალოდ აღარ გაუგრძელეს.
„მე არ მინდა სპეკულაციაში შევიდე, ჭორებზე ვერ ვისაუბრებ.. მაგრამ, რა თქმა უნდა, ის, რომ ჩემმა გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია სხვადსხვა დონეზე, ვიგრძენი, მაგრამ არავითარი მინიშნება არ ყოფილა, რომ ჩემს გაშვებას აპირებდნენ, ან ვინმე რამით იყო უკმაყოფილო“, – განმარტავს ჩომახიძე და დასძენს, რომ უკმაყოფილების მიზეზი ვერც იარსებებდა, ვინაიდან სხვა წარმატებებთან ერთად, მისი მუშაობის პერიოდში კლუბი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი.
ნეტგაზეთს თბილისის მერიაში უთხრეს, რომ როგროც წესი, ხელშეკრულებით აყვანილ პირებს ვადა ზოგჯერ უგრძელდებათ, ზოგჯერ- არა. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა და პოლიტიკური კუთვნილება მიზეზი არ გამხდარა. დამატებით მიზეზებზე მერიაში არ საუბრობენ.
ყოფილი წყალბურთელი რეზო ჩომახიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ნიკა მელიამ მიმდინარე წლის დასაწყისში ენმ-ის ახალ სახეებს შორის წარადგინა.