ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა – პროკურატურა

21 მაისი, 2019 • 2144
უზენაესმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,ს მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენზე, რომლითაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს და სასჯელის ზომად განესაზღვრა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა მოხდა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში.

“წინასწარ შემუშავებული და ურთიერთშეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა გ.ა-ს, ა.ღ-ს, მ.ბ-ს და ა.ა-ს. მიხეილ სააკაშვილის განზრახ უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, მსჯავრდებული პირების მიმართ სასჯელის განახევრების გამო შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რის საფუძველზეც მსჯავრდებულები სასჯელის მოხდისგან სრულად გათავისუფლდნენ. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების ერთობლივმა და ურთიერთშეთანხმებულმა მოქმედებებმა განაპირობა ის, რომ გირგვლიანის საქმეზე არ განხორციელდა მართლმსაჯულება და არ შესრულდა სასჯელის მიზნები. ამავდროულად, აღნიშნულით უზრუნველყოფილი იქნა საქმის რეალური გარემოებების ფალსიფიკაცია და დ.ა-ს და სხვათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან აცილება, რამაც ალექსანდრე გირგვლიანის ოჯახის წევრების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია კიდევ 7 პირის, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის, ბაჩო და დათა ახალაიების მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი