დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის 20%-ს COVID-19 უკვე გადატანილი აქვს.
ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 800-დან 1200 შემთხვევამდე ფიქსირდება, რაც ამ ეტაპზე სრულად მართვადია ჯანდაცვის სექტორის მიერ.
“დღეს დილისთვის ახალი შემთხვევების რაოდენობა არის 788, დაახლოებით 10 000-მდე ტესტის ფონზე. ჩვენ ბოლო ორი კვირაა ვმერყეობთ 800-სა და 1200-ს შორის, რომელიც სრულად მართვადია ჯანდაცვის სექტორის მიერ და არ წარმოადგენს დიდ ზეწოლას. საკმარისია საწოლფონდი, ექიმები, ჟანგბადი და ა.შ,” ,- ამბობს ამირან გამყრელიძე.
მისი განცხადებით, არსებული პროგნოზებით ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება იმგვარად, რომ დღეში 5 000 ახალ შემთხვევამდე გამოვლინდეს, მოსალოდნელი არ არის, რადგანააც ბოლო მონაცემებით პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-მდე გაიზარდა და ამასთან, მოსახლეობის 20%-ს უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი. შესაბამისად, გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი უკვე არსებობს:
” ჩვენ არ გვინდა და უნდა მოვიქცეთ ისე, რომ არ ავიდეთ პიკზე, როდესაც ჩვენ გვქონდა 5 ათასამდე შემთხვევა. დიდი ალბათობით და ყველანაირი პროგნოზირებით რაც კეთდება, აქამდე არ უნდა მივიდეთ. იმიტომ, რომ მივეჩვიეთ პირბადის ტარებას. პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 75%-ია, რაც კარგია, მაგრამ თუ ავალთ 95%-ზე, დამერწმუნეთ, ბევრად უკეთესი ინდიკატორები გვექნება.
მეორე ის, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს – 20%-ს გადატანილი აქვს ინფექცია და არის უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი. ასევე, მოდის თბილი ამინდები, ამ ვირუსზე კი მზის სხივი მოქმედებს და ის თანდათან უფრო და უფრო შესუსტდება. და შემდეგ ის, რომ აიცრა უკვე გარკვეული რაოდენობა მოსალხეობის”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.